თენგიზ ცერცვაძე - საქართველო მსოფლიოში ორ ყველაზე სერიოზულ, სოლიდურ კვლევაში მონაწილეობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ორ მნიშვნელოვან კვლევაში იღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, პირველი კვლევის ფარგლებში სამი დასახელების მედიკამენტი შეისწავლება და მაღალეფექტურობის შემთხვევაში, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს.
„საქართველო მონაწილეობს მსოფლიოში ორ ყველაზე სერიოზულ, სოლიდურ კვლევაში. ერთია სოლიდარობა, ამას ატარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და იქ ადრე ოთხი მედიკამენტი შეისწავლებოდა, რომელმაც არ მოგვცა საკმარისი ეფექტი. ახლა ეს შეიცვალა და სამი ახალი მედიკამენტი შეისწავლება, ეს არის რემდესევირი, ბეტაინტერფერონი და აკალაბრუტინიბი. კვლევა ახლა იწყება და თუ ამ სამი მედიკამენტიდან რომელიც გამოდგება მაღალეფექტური, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც პაციენტებს ექნებათ საშუალება, ეს მედიკამენტი მიიღონ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო მედიკამენტების კიდევ ერთ კვლევაშია მიწვეული და დაახლოებით 1-2 თვეში მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები ექნება.
„კიდევ ერთი კვლევა იწყება მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი კვლევა, ეს არის პრინციპულად ახალი ჯგუფი მედიკამენტებისა, მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის მიმართ. არა მედიკამენტი, არა ქიმიოპრეპარატი, არამედ მონოკლონური ანტისხეულები. არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვა, კოვიდგადატანილი ადამიანებისგან დამზადებული პლაზმა, რომელიც ანტისხეულებს შეიცავს, ასეთი ანტისხეულებია, ოღონდ გაცილებით მაღალი კონცენტრაციით და გაცილებით ეფექტური. ე.წ. მონოკლონური ანტისხულები მიიღება სპეციალური მეთოდებით გენური ინჟინერიიდან და სხვა მეთოდებით. ეს არის ძალიან მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტი. ქვეყნები რიგში დგანან, რომ ამ კვლევაში მონაწილეობა მიიღონ. პირადად პაუჩის რეკომენდაციით, რომელიც 20 წელია, ჩვენი პარტნიორია და ჩვენი მეგობარია, საქართველო მიწვეულია ამ უნიკალურ კვლევაში. ასე რომ, ჩვენ მალე, ამას რაღაც ბიუროკრატიული პროცედურები სჭირდება, დაახლოებით 1-2 თვეში გვექნება ეს მონოკლონური ანტისხეულები და ეს მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანას ექნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.