თენგიზ ცერცვაძე - საქართველო აშკარად არის წარმატებული, რადგან მიზნობრივი კვლევით, ტესტირების მცირე რესურსით, აქამდე ასეთი კარგი შედეგით მოვიდა
თენგიზ ცერცვაძე - საქართველო აშკარად არის წარმატებული, რადგან მიზნობრივი კვლევით, ტესტირების მცირე რესურსით, აქამდე ასეთი კარგი შედეგით მოვიდა

მართალია, საქართველო აქამდე ცოტა ტესტს აკეთებდა, მაგრამ ტესტს უტარებდა იმ კატეგორიის ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტესტების შეზღუდული რესურსი განპირობებული იყო იმით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი ტესტების შოვნა ძალიან ძნელია.

ცერცვაძის განცხადებით, ტესტირების გაფართოება ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სერიოზული რეზერვია.

„ჩვენ აქამდე ტესტების რაოდენობის ძალიან შეზღუდული რესურსი გვქონდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი ტესტების შოვნა ძნელია და კიდევ ზოგიერთი სხვა ფაქტორით. მაგრამ საქართველო აქამდე ამ სერიოზული ხარვეზის თუ დაბრკოლების დაძლევას წარმატებით ახერხებდა. იმის ხარჯზე, რომ მართალია, ცოტა ტესტს აკეთებდა, მაგრამ ტესტს უტარებდა იმ კატეგორიის ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მიზნობრივი კვლევა იყო ძალიან კარგად დაყენებული. იმ სამიზნე ჯგუფების გამოკვლევა ხდებოდა, სადაც კორონავირუსის გამოვლენის ყველაზე მეტი რისკი იყო. ამაში დიდი წვლილი შეიტანა იმ ალგორითმმა და იმ კასკადმა, რომელიც საქართველომ შეიმუშავა, რომელშიც საქართველო პიონერი და მგონი ერთადერთია. ის ჯაჭვი მაქვს მხედველობაში, როდესაც პაციენტი, რომელსაც რაღაც სიმპტომი ან რისკფაქტორი აქვს, რეკავს სასწრაფოში. შემდეგ უპრობლემოდ გადამისამართდება ოჯახის ექიმთან და „ცხელების ცენტრში“. „ცხელების ცენტრში“ 12 საათში ხდება დადგენა პაციენტი ინფიცირებულია თუ არა. შემდეგ, თუ ვირუსი დაუდასტურდა, ხვდება კოვიდცენტრში.

ამ მიზნობრივი კვლევით, ტესტირების მცირე რესურსით აქამდე მოსულია, ასეთი კარგი შედეგებით, საქართველო აშკარად არის წარმატებული, მაგრამ ტესტირების გაფართოება სერიოზული რეზერვია ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლისა და ასეც არის. დადგა ეს დღეც, რასაც ველოდით. ტესტების რაოდენობა შემოვიდა საკმარისად ბევრი და კიდევ შემოდის. უკვე 1000 ტესტი ჩატარდა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს ორ-სამ დღეში დღიური ტესტირების რაოდენობა 1700-1800-ზე ავა, ხოლო ათი დღის შემდეგ, დღეში სამი ათასზე.

„ეს არის ის რაოდენობა, რამდენსაც ტესტავს ამ საკითხში ევროპაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად  მიჩნეული გერმანია. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეპიდემიასთან ბრძოლაში. საქართველოს უკვე აქვს მიზნობრივი ტესტირების ძალიან კარგი გამოცდილება და უკვე ისიც იცის, რომელი სამიზნე ჯგუფები იყოს შემდეგი. კვლევა სად გაფართოვდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, უთავბოლოდ არ გაფართოვდეს. მთელ მოსახლეობას ვერ გამოიკვლევ. თვით ყველაზე წარმატებულ გერმანიას მთლიანად გამოკვლეული ჰყავს გერმანიის მოსახლეობის 2,5 %, ანუ მიზერი.

დღეს, სამინისტროში, საბჭოს სხდომაზე და რამდენადაც ვიცი, მთავრობაშიც იყო ამაზე საუბარი – ზუსტად განისაზღვრა ის სამიზნე ჯგუფები, რომლებიც დაემატება აქამდე არსებულს. ესენია  მოხუცებულთა თავშესაფრები და ჯანდაცვის მუშაკები იმ ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც უშუალოდ შეხება აქვთ კოვიდთან. ცხელების და კოვიდცენტრები. ეს იქნება სასწრაფო დახმარების ექიმები, ასევე ტუბერკულოზის დარგში მომუშავე ექიმები. თუ აქამდე ტესტირება უტარდებოდა ყველა იმ პირს, ვინც „ცხელების ცენტრში“ მოხვდებოდა, ახლა მოხდება ყველა იმ პირის ტესტირება, ვისაც უფიქსირდება ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ფილტვების ანთება ან აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის თუნდაც რაღაც ნიშნები, მაგალითად, ცხელება ან ხველა ქვეყნის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.