თენგიზ ცერცვაძე - სამწუხაროდ, GIMPHA-ს კონფერენციის ორგანიზატორებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, პროგრამაში შეეტანათ თუნდაც ერთი მოხსენება საქართველოში COVID-ის კლინიკურ მართვაზე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) თბილისში გეგმავს კონფერენციას, რომლის ორგანიზატორებმაც საჭიროდ არ ჩათვალეს, პროგრამაში შეეტანათ თუნდაც ერთი მოხსენება საქართველოში COVID-ის კლინიკურ მართვაზე.
„კონფერენცია COVID პანდემიის მართვაზე COVID კლინიკების მონაწილეობის გარეშე – ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) ა.წ. 4 ივნისს ქ. თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ატარებს ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციას „COVID პანდემია და პოსტ-COVID-ის მართვა“. კონფერენციის უცხოელი მონაწილეების, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩამონათვალი წარმომადგენლობითია და დიდი ალბათობით მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები საინტერესო და სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება მონაწილეებს და მომხსენებლებს საქართველოდან (მხედველობაში არა მაქვს NCDC, რომელიც წამყვანი ინსტიტუციაა ქვეყანაში COVID-ის მართვაში, მაგრამ არა კლინიკურ მართვაში) არც ერთ მათგანს არ აქვს COVID-ის (და არა პოსტ-COVID-ის) კლინიკური მართვის არანაირი გამოცდილება და სავარაუდოდ თვალითაც არ ჰყავთ ნანახი აქტიური COVID ავადმყოფი. ეს მაშინ, როდესაც საქართველოში გატარებულია სულ 1655221 დადასტურებული COVID ავადმყოფი, მათგან 250 ათასზე მეტი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფი, რომელთა კლინიკურ მართვაში მონაწილეობდა ქვეყნის 100-ზე მეტი COVID კლინიკა და 70-ზე მეტი „ონლაინ“ კლინიკა 1000-მდე ოჯახის ექიმით, ასევე ერთი ცენტრალური „ონლაინ“ კლინიკა 100-მდე სპეციალისტით. საქართველო ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში ნერგავდა უახლეს და ინოვაციურ სამკურნალო მიდგომებს (ტოცილიზუმაბი, რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები, ბარიციტინიბი, და სხვ.), აგრეთვე ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით – ე.წ. high flow, რეკონვალესცენტების პლაზმის გადასხმა და სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სპეციალური ფილტრების და სორბენტების გამოყენებით. ქვეყანაში დაგროვილია COVID პაციენტების კლინიკური მართვის უზარმაზარი გამოცდილება. ქვეყანას აქვს COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის (ე.წ. CFR) მსოფლიოს 113 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,02%). გარდა ამისა ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (22 შემთხვევა) გაცილებით, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში, კანადაში, მთლიანად ევროპაში ერთეული ქვეყნების გამოკლებით და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც COVID სიკვდილობა ტრადიციულად ძალიან დაბალი იყო (სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰონგ კონგი და სხვ.). გარდა ამისა, საქართველოს COVID კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 6,2%-ია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ბევრი უცხოური ქვეყნის წამყვანი კლინიკების მაჩვენებლებზე.
ვფიქრობთ, საქართველოში COVID-ის კლინიკურ მართვაში დაგროვილი უზარმაზარი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნებოდა კონფერენციის მონაწილეებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ კონფერენციის პროგრამაში შეეტანათ თუნდაც ერთი მოხსენება მაინც საქართველოში COVID-ის კლინიკურ მართვაზე და მოეწვიათ თუნდაც ერთი COVID კლინიკის წარმომადგენელი მაინც. ჩვენთვის უცნობია, ვისი ინიციატივით მოხდა ეს – GIMPHA-ს ხელმძღვანელობის, ევექსის ხელმძღვანელობის, თუ კიდევ ვინმე სხვისი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს კომიკური და სამარცხვინო გადაწყვეტილება ვერავითრ კრიტიკას ვერ უძლებს. მახსენდება ნიკიტა ხრუშჩოვის ცნობილი გამოთქმა „საქართველო კარგია, მაგრამ ქართველების გარეშე“.
და კიდევ ერთი. მინდა ვურჩიო ბ-ნ ივანე ჩხაიძეს, უარი სთქვას კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლაზე (მიზეზს სავარაუდოდ ის თვითონ მიხვდება), თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.