თენგიზ ცერცვაძე - სამწუხაროდ, ცნობილმა პოლიტიკოსმა მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ „კოვიდ-19“ გადავიტანე და ეს არაფერიაო
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დემონსტრაციულად ახდენს „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას. ზოგიერთისთვის ეს თავის მოწონების საშუალებაც კი გახდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის საფრთხის იგნორირიება ძალიან დიდი შეცდომაა.
„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები დემონსტრაციულად ახდენენ „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას. ზოგიერთისთვის ეს ერთგვარი თავის მოწონების და თვითდამკვიდრების საშუალებაც კი გახდა. სამწუხაროდ, იცით, ძალიან ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში პირდაპირ მოუწოდა მოსახლეობას, რომ „კოვიდი“ არაფერი არ არის, თავად გადავიტანე რამდენიმე დღის წინ, საერთოდ არ მიგრძნია, ეს არაფერი არ არისო. ამ პათოსით ძალიან ბევრი ამბობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომ რა მოხდა, რატომ უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი „კოვიდისთვის“, რატომ უნდა მოვიკლოთ რამე, თუნდაც შეკრებები, გართობა, რა მოხდა, „კოვიდი“ იგივე გრიპი ან გრიპის მსგავსია, ჩვენ „კოვიდის“ არ გვეშინიაო. ბევრს ეამაყება, რომ არ ეშინია „კოვიდის“ და ამიტომ უარყოფენ ყველანაირ შეზღუდვას. ზოგი გამომწვევად, პრინციპულად არ ემორჩილება შეზღუდვებს, რათა დაამტკიცოს, რომ ძლიერია, ყოჩაღია, ვაჟკაცია და „კოვიდის“ არ ეშინია. ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენთ „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას, მოგიწოდებთ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
ეს მარტო საქართველოში არ მომხდარა, ეს იყო აშშ-ში, როცა ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკა „კოვიდზე“ ძლიერია, ჩვენს ქვეყანას არ დავაჩაგრინებთ „კოვიდს“ და თქვენ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრეთ. შედეგი – ამერიკა ლიდერობს როგორც ავადმყოფების, ისე გარდაცვლილების რაოდენობით და კიდევ ერთი შედეგი – ტრამპი აღარ აირჩიეს და აირჩიეს ბაიდენი, რომელიც მკაცრი ზომების მომხრეა. ნუ გავხდებით იმის მიმდევრები, რომ „კოვიდის“ არ გვეშინია. გთხოვთ, ეს ძალიან მძიმე შეცდომაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, არაერთი ადამიანი, რომელიც თავდაპირველად ამბობდა, რომ „კოვიდ-19“-ის არ ეშინია, დაინფიცირების შემდეგ სხვაგვარად ალაპარაკდა.
ამასთან, ცერცვაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გაუფრთხილებლობით მოქალაქეებმა შესაძლოა ოჯახის ხანდაზმული წევრები დააინფიცირონ, რომლებიც ვირუსს მარტივად ვერ გადაიტანენ.
„ჯერ ერთი, თქვენ, ვისაც არ გეშინიათ, ხვალ რომ დაგემართოთ, დამიჯერეთ, სულ სხვანაირად ალაპარაკდებით. ნანახი მყავს არაერთი ათეული ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა, რომელიც სულ სხვა ტექსტით ალაპარაკდა, როდესაც ავად გახდა, ითხოვს დახმარებას, ოღონდ გადამარჩინეთ და ასეთ სისულელეს მეორედ არ გავივლებ თავში, რომ „კოვიდი“ საშიში არ არის.
მეორეც, დავუშვათ თქვენთვის მართლაც არ არის საშიში, ახალგაზრდები ხართ და დიდი უმრავლესობა გადაიტანთ იოლად, თუმცა სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების. დავუშვათ, თქვენ მართლაც გადაიტანეთ იოლად, მაინც არ არის გამართლებული თქვენი პოზიცია, რომ „კოვიდს“ ანგარიშს არ უწევთ. თქვენ შესაძლოა, იოლად გადაიტანოთ, მაგრამ გარანტირებულად გეუბნებით, თქვენ დააავადებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, ახლობლებს და სასიკვდილოდ გაწირავთ მათ. იმის გამო, რომ ჩვენი ახალგაზრდული ჟინით, თუ რაღაც მოსაზრებებით, მათ შორის პოლიტიკური მოსაზრებებით თუ გვინდა, ვაჩვენოთ სხვას, რომ „კოვიდის“ არ გვეშინია, ამიტომ სასიცოცხლოდ გავწიროთ ჩვენი ახლობლები, განსაკუთრებით ხანდაზმულები? ეს ხომ დაუშვებელია, ჩვენ ხომ უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით ვექცევით საქართველოში უფროსებს, ხანდაზმულებს, ეს ხომ ერთ-ერთი ქართული ტრადიციაა. ეს არის პატივისცემა, რომ ისინი სასიკვდილოდ გავწიროთ? ამიტომ, ყველას ვთხოვ, განურჩევლად იმისა, ვინმეს კოვიდის ეშინია თუ არა, დაიცვას რეგულაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ.