თენგიზ ცერცვაძე - როგორმე, ერთ ახალ წელს ავიტანოთ დისკომფორტი, რომ მთელი შემდეგი წელი უფრო მშვიდად გავატაროთ
თენგიზ ცერცვაძე - როგორმე, ერთ ახალ წელს ავიტანოთ დისკომფორტი, რომ მთელი შემდეგი წელი უფრო მშვიდად გავატაროთ

გამოვიჩინოთ ის საზოგადოებრივი თვითშეგნება, პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რომელიც პანდემიის დაწყების დროს საკმარისად გვქონდა, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მე არ ვიცი, ხელისუფლება ამ შეზღუდვებს შეარბილებს, საერთოდ მოხსნის, ამ მოცულობით დატოვებს ძალაში, თუ კიდევ უფრო გაამკაცრებს, როგორც ეს ქალბატონმა მერკელმა გააკეთა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შეარბილებს ან მოხსნის, ჩემი რეკომენდაცია შემდეგი იქნება – გამოვიჩინოთ ის საზოგადოებრივი თვითშეგნება, პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რომელიც პანდემიის დაწყების დროს საკმარისად გვქონდა და იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა მოხსნის, ჩვენ ჩვენი თვითშეზღუდვებითა და საკუთარი ცენზურებით ვუპასუხოთ. შევეცადოთ, ჩვენს თავს თვითონვე დავუწესოთ ის რეგულაციები, რომელიც არ გამოიწვევს იმას, რომ მთავრობის მიერ შერბილებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული პანდემია ხელმეორედ აფეთქდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამის გაკეთება ძნელია, რაც „შავმა პარასკევმაც“ გვიჩვენა, მაგრამ მოსახლეობამ როგორმე უნდა შეძლოს, თვითრეგულაციები დაიწესოს და ეს თვითრეგულაციები რაც შეიძლება ზედმიწევნით შეასრულოს.

„სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ მთავრობა მოლებსა და მაღაზიებს გახსნის, ვისაც ამის აუცილებელი საჭიროება არ გვაქვს, ნუ გავიქცევით ამ მოლებში და მაღაზიებში; ნუ მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს; როგორმე, ამ ერთ ახალ წელს ავიტანოთ დისკომფორტი იმისთვის, რომ მთელი შემდეგი წელი უფრო მშვიდად გავატაროთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.