თენგიზ ცერცვაძე - რიგ ქვეყნებში პაციენტებს რომ სახლში მკურნალობენ, ეს კარგი ცხოვრებით სულაც არ არის გამოწვეული, უბრალოდ, იქ რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების რაოდენობას
თენგიზ ცერცვაძე - რიგ ქვეყნებში პაციენტებს რომ სახლში მკურნალობენ, ეს კარგი ცხოვრებით სულაც არ არის გამოწვეული, უბრალოდ, იქ რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების რაოდენობას

ჩვენს ზოგიერთ ექსპერტს თუ ოპონენტს მოსწონს, რომ რიგ ქვეყნებში პაციენტები სახლში მკურნალობენ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„ისინი ნიშნის მოგებით ამბობენ, რიგ ქვეყნებში – იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისში, აშშ-ში და სხვაგან პაციენტებს სახლში მკურნალობენ, ჩვენთან კი ყველას სტაციონარშიო. მაგრამ ისინი რომ სახლში მკურნალობენ, ეს კარგი ცხოვრებით სულაც არ არის გამოწვეული. უბრალოდ, საწოლებით დაწყებული და ექიმებით დამთავრებული, მათი რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების უზარმაზარ რაოდენობას, რომ მათ საავადმყოფოში უმკურნალონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, სანამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას რესურსი აქვს, სანამ საწოლებიც საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც და ექიმებიც, მანამდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ავადმყოფის მართვა მაინც კლინიკის პირობებში ჯობია.

„მიზეზი ორია. ერთი ის, რომ პაციენტი რაც არ უნდა მსუბუქი იყოს, ის შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს და სპეციფიკური მართვა დასჭირდეს. ამ დაავადების მართვა კი, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, იოლი არ არის. საშუალო სიმძიმის და მძიმე შემთხვევებში ეს დაავადება გაცილებით მძიმე სამართავია, ვიდრე თავიდან გვეგონა და მეორე, ბინაზე მკურნალობის პირობებში ოჯახის ექიმის ინსტრუქციები რაც არ უნდა კარგად სრულდებოდეს და პაციენტს რა კარგი საყოფაცხოვრებო პირობებიც არ უნდა ჰქონდეს, იქ მაინც მეტი შანსია, პაციენტმა სხვები, ოჯახის წევრები დააინფიციროს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.