თენგიზ ცერცვაძე - „რემდესივირმა“ აჩვენა იმაზე ბევრად კარგი შედეგი, ვიდრე ველოდით, სამწუხაროდ, მიმდინარეობდა „რემდესივირის“ საწინააღმდეგო კამპანიაც, ეს უკვე იყო უზნეობის პიკი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირმა“ იმაზე ბევრად კარგი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, როგორც ახლაა ანტივაქსერული კამპანია, ისევე მიმდინარეობდა „რემდესივირის“ საწინააღმდეგო კამპანია.
„600 ადამიანის დოზა იყო, 200-მდე პაციენტმა მიიღო. „რემდესივირმა“ იმაზე ბევრად კარგი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოველოდით. ბევრი კლინიკა იყენებს „რემდესივირს“ და ყველა ძალიან კმაყოფილია. პაციენტებს ცხელება, ჟანგბადის უკმარისობა ჰქონდათ, ცუდად იყვნენ, გაიკეთეს „რემდესივირი“ და მეორე დღიდან კარგად გახდნენ, პირადად მე ასევ ვიყავი. სამწუხაროდ, ზუსტად ისე, როგორც ანტივაქსერული კამპანიაა, იყო ანტირემდესივირული კამპანია. ეს უკვე უზნეობის პიკი გახლდათ, როდესაც ექიმები, სხვათა შორის ისეთი ექიმები, რომლებსაც პრეტენზია, ამბიცია აქვთ, პირდაპირ ამბობდნენ, რომ მსოფლიოში ერთმა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევამ ვერ უჩვენა „რემდესივირის“დადებითი ეფექტი, მაშინ, როცა ხუთმა, ექვსმა კვლევამ უჩვენა და მთელი ამერიკა ფართოდ იყენებს. ამერიკაში სტანდარტული მკურნალობის სქემაშია შეტანილი „რემდესივირი“, ყველა მარეგულირებლის მიერ აღებულია და ესენი ამბობდნენ, რომ „რემდესივირი“ არ არის ეფექტური, მის შემოტანაზე დახარჯული ფული წყალში გადაყრილია და პირდაპირ გვიპირისპირდებოდნენ ჩვენ. იმ ექიმების გასაგონად ვამბობ, ეს იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და პირად ამბიციაზე, პირად ოპონირებაზე, დაპირისპირებაზე დაფუძნებული, რაც დაამტკიცა პრაქტიკამ. სამწუხაროდ, ზოგიერთი კლინიკა, რომელიც მოექცა იმ ექიმების გავლენის ქვეშ, დღესაც არ იყენებენ „რემდესივირს“ და როცა ვეკითხებით, რატომ არ იყენებთ, ხომ კარგია, გვეუბნებიან, ვიცით, რომ კარგია, ჩემ ახლობელს მოუხდა, მაგრამ რა ვიცი, არ ვიყენებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.