მოსაზრება, რომ „რემდესივირის“ გამოყენება არაეფექტურია, უკვე ღიმილისმომგვრელია, – ასე უპასუხა ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს ექიმთა ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ „რემდესივერის“ გამოყენება არაეფექტურია და მისი გამოყენების შემთხვევაში არის ვირუსებით გამოწვეული სიმსივნეების პროვოცირების რისკი.
„მოსაზრება, რომ ის არაეფექტურია, უკვე ღიმილისმომგვრელია. ადამიანები, ვინც ამას ამტკიცებენ, რეალობას მთლიანად არიან მოწყვეტილი და მანიპულირებენ რაღაც წელიწადნახევრის წინანდელი მონაცემებით, რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ უარყო. ის ერთეული ექიმები თუ ექსპერტები, რომლებიც თავიანთ თავს ექიმებს ეძახიან, ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, თუ ეს შეცდომაა და არა უარესი რამ, როდესაც ამას ამბობენ და შესაბამისად, პაციენტებს უარს ეუბნებიან „რემდესივირის“ გამოყენებაზე, რითაც ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ აყენებენ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ვირუსებით გამოწვეული სიმსივნეების პროვოცირების რისკს, სამწუხაროდ, ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ვისაც თვითონ, არც ერთი სტაციონარული კოვიდავადმყოფი გატარებული არ ჰყავს და არც ერთი ავადმყოფისთვის „რემდესივირი“ არ გადაუსხამს, ამაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რაც რბილად რომ ითქვას, ძალიან სერიოზული შეცდომა იყო.
„არგუმენტები, რომელიც მან მოიყვანა და ეყრდნობოდა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ სტატიას, არანაირად არ იყო იმ წონის, რომ ასეთი ძალიან სერიოზული ნეგატიური პოსტი დაედო. იმ კვლევაში არავის უთქვამს, რომ ადამიანებში და კოვიდავადმყოფებში ნახეს, რომ „რემდესივირმა“ მსგავსი რამ გააკეთა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ელემენტარული ეთიკური ნორმების გამო. თუ აუცილებელი იყო, ეს უნდა განხილულიყო ვიწრო სამედიცინო წრეში, კლინიკურ ჯგუფში, ჯანდაცვის სამინისტროში, ან საკოორდინაციო ჯგუფში და არაფრით არ შეიძლებოდა ამის ფეისბუქპოსტზე დადება, რამეთუ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების დიდ რაოდენობას, ათეულ ათასობით ადამიანს, ვინც „რემდესივირით“ უკვე იმკურნალა, შეიძლება, გაუჩნდეს სრულიად უსაფუძვლო ეჭვები და გარკვეული დაძაბულობა, რომ მას მართლაც შეიძლება, რაღაც სერიოზული გართულება განუვითარდეს, მაშინ, როცა ამის საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო ადამიანების მეორე ჯგუფმა, რომელმაც „რემდესივირი“ აწი უნდა გაიკეთოს, გამორიცხული არ არის, მისი გაკეთებისგან თავი შეიკავოს. ამით ადამიანებმა შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ თავიანთ ჯანმრთელობას და საკუთარი სიცოცხლე მაღალი რისკის ქვეშ დააყენონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, სტატია, რომელიც „ფეისბუქპოსტის“ ავტორმა დაიმოწმა, ასეთი სერიოზული დასკვნის და არაკორექტული განცხადების გასაკეთებლად არ გამოდგება.
„ეს კვლევა ჩატარებული იყო მხოლოდ ექსპერიმენტში, კოლბაში, ესე იგი, ქსოვილოვან უჯრედებზე და არა ცოცხალ ადამიანზე. ცოცხალ ადამიანზე მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა და მით უმეტეს, კოვიდ ავადმყოფებში. კოლბაში ჩატარებული კვლევების ექსპრაპოლაცია, ასე უპირობოდ გავრცელება ადამიანებზე და მით უმეტეს, კოვიდ ავადმყოფებზე, კატეგორიულად არასწორია. იმიტომ, კოლბაში ინვიტრო სულ სხვა გარემოებაა. ეს ე.წ ჰერპესვირუსების რეაქტივაციის ფენომენი მარტო „რემდესივირზე“ კი არ გამოვლენილა, არამედ სხვა მედიკამენტებზეც გამოვლინდა და ეს ცნობილი ფაქტია. არც ერთი კვლევა არ არის მსგავსი ადამიანებზე და კოვიდ ავადმყოფებზე. მეტიც, საქართველოში ათეულ ათასობით ავადმყოფია „რემდესივირით“ ნამკურნალები და არც ერთში არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა, ხოლო მსოფლიოში ათეულობით მილიონი ავადმყოფია „რემდესივირით“ ნამკურნალები და ჯერ, მსგავსი გართულება არავის არ აღუწერია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
„კოვიდ 19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვირუსების რეაქტივაციას მედიკამენტების გარდა, თვითონ კოვიდიც იწვევს, მაგრამ რეაქტივაცია ჯერ კიდევ სულ არ ნიშნავს ონკოგენეზს.
„რეაქტივაცია, არც თუ იშვიათად, ძალიან ბევრ პაციენტს აქვს, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად, ან დიდი ალბათობით განუვითარდებათ რამე ონკოლოგიური დაავადება. ასე რომ, ასეთი ექსტრაპოლაცია ყველანაირ საფუძველს იყო მოკლებული. როგორ ფიქრობთ, იმ ექსპერტმა, ვინც ეს სოციალურ პოსტში გამოაქვეყნა, იმ ერთი სტატიით მიხვდა, რომ ეს საფრთხე არსებობდა და FDA-ის სუპერპროფესიონალთა გუნდი ვერ მიხვდა?! ამ სტატიის გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ FDA-იმ „რემდესივირის“ გამოყნება კი არ შეზღუდა, პირიქით, გააფართოვა და როგორ ფიქრობთ, FDA ამ სტატიის გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ, პოტენციურად სახიფათო მედიკამენტის გამოყენებას დაუშვებდა ბავშვებისთვის და მათ შორის, ჩვილებისთვის?! ეს ხომ ზღაპარია?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ინფექციური კლინიკის და ასევე, ბევრი სხვა კლინიკის მაგალითზე შეიძლება, ითქვას, რომ იმ პაციენტებიდან, ვინც ბოლო ორი თვის მანძილზე კლინიკას დროულად მიმართა და, ვისაც „რემდესივირით“ მკურნალობა პირველი რვა-ათი დღის განმავლობაში ჩაუტარდა, არც ერთი მათგანი არ დამძიმებულა ისე, რომ რეანიმაციაში მოხვედრილიყო, ხოლო ფატალური შედეგი მით უმეტეს, არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ლოჯისტიკური საკითხები გვარდება და „რემდესივირის“ ბინაზე გადასხმას საქართველოც დაიწყებს, რაც მკვეთრად შეამცირებს კლინიკებზე დატვირთვასა და სიკვდილობას.