თენგიზ ცერცვაძე - „რემდესივირი“ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა, ეს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება არაუგვიანეს ორშაბათისა დაიწყება.
„ქალბატონმა მინისტრმა დღეს ბრძანა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა „რემდესივირის“ პირველი, საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის განტვირთვა. იქ არის შემდეგ საბაჟო პროცედურები, ნებართვის პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები და ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა.
მე რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 000 ფლაკონი რათა გამოვიყენოთ იმ პაციენტებთან, ვისაც ეს სჭირდება. თუ ექიმების, ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთ, რომ მედიკამენტმა გაამართლა და შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ შემოიტანოს ახალი პარტია უკვე იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკური ჯგუფის ონლაინშეხვედრაც გაიმართა, სადაც კლინიცისტებს ახალი პროტოკოლი გააცნეს.
ამასთან, ცერცვაძემ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებიც „რემდესივირის“ გამოყენებას რეკომენდაციას აძლევენ.
„მე ახლა მოვდივარ კლინიკური ჯგუფის ონლაინშეხვედრიდან, სადაც პრაქტიკულად ყველა წამყვან კლინიცისტსა და დაწესებულებების ხელმძღვანელს გავაცანით ახალი პროტოკოლი. სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ „რემდესივირის“ გამოყენებით, რომელიც ძალიან დეტალურია და ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი გაიდლაინების რეკომენდაციებს. ყველამ იცის რომ ამ პრეპარატზე არ არის ერთგვაროვანი შეხედულება, იყო კვლევები. მაგალითად, ჯანმოს კვლევა, რომელმაც არ უჩვენა „რემდესივირის“ ეფექტიანობა და ამიტომ ჯანმო არ აძლევს მას რეკომენდაციას. ეს ერთი შეხედვით, სერიოზული პირობა იყო „რემდესივირის“ გამოყენების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან ბევრი ინსტიტუცია, მათ შორის ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ მიმართულებით, ასევე ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოება, ინგლისის, გერმანიის ნაციონალური გაიდლაინები და ყველა მათგანი, ჯანმოსგან განსხვავებით, „რემდესივირს“ აძლევს რეკომენდაციას. ჩვენი პროტოკოლის შედგენისას გამოვიყენეთ მხოლოდ ის გაიდლაინები, რომლებმაც იცოდნენ უკვე ჯანმოს კვლევის შედეგები და მაინც დადეს რეკომენდაციები.
ასევე, ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი კოვიდის დარგში მსოფლიოს წამყვან ლიდერებთან ამერიკასა და ევროპაში და ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერენ მის გამოყენებას.
ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის წამყვანი გაიდლაინის შემდგენელს, ბატონ როი გულიკს და მან დაგვიდასტურა, რომ „რემდესივირი“ საჭირო და ეფექტურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, საწინააღმდეგო აზრის არსებობის მიუხედავად, საქართველოში „რემდესივირის“ შემოტანა გამართლებულია.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში განსხვავებული აზრის არსებობის მიუხედავად, აუცილებლად უნდა შემოგვეტანა „რემდესივირი“ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მსოფლიოში ყველასთვის თუ ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს. საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დაე, ექიმებმა და თავად პაციენტებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა ეს მედიკამენტი. მისი შემოტანა ყველა შემთხვევაში გამართლებულია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომელ პაციენტებთან მოხდება „რემდესივირის“ გამოყენება. მისივე თქმით, ამ პრეპარატის გამოყენება ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.
„არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის არ შეიძლება მისი გაკეთება. „რემდესივირი“ ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზებული. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე „რემდისივირის“ გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია. გარდა ამისა, „რემდისივირი“ ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ. „რემდესივირი“ არის ანტივირუსული მედიკამენტი, სხვა მექანიზმი მას არ აქვს და ის დროზე უნდა მივცეთ პაციენტს, რომ ვირუსი არ გამრავლდეს, თორემ მეათე დღის შემდეგ ვირუსის გამრავლება ისედაც წყდება ორგანიზმში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.