თენგიზ ცერცვაძე - რემდესივირი მსოფლიოში აღიარებული მედიკამენტია და მისი გამოყენების საბოტაჟი მავნებლობაა
რემდესივირი მსოფლიოში აღიარებული მედიკამენტია და მისი გამოყენების საბოტაჟი მავნებლობაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, რემდესივირი დღეისთვის „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელსაც აქვს მსოფლიოში ორი უმაღლესი ინსტანციის – აშშ FDA-ის და ევროპის მედიცინის ასოციაციის (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია (Approval), მაშინ, როდესაც, ცერცვაძის თქმით, სხვა მედიკამენტებს და ვაქცინებს აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების რეკომენდაციები (ე.წ. Emergency use authorisation).
„სადღეისოდ რემდესივირი შეტანილია ამერიკის და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება.
მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სამედიცინო ონლაინ პლატფორმა up to date ბოლო განახლებაში წერს სიტყვა-სიტყვით „ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ რემდესივირს ყველა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ამოკლებს გამოჯანმრთელების დროს. ამასთან ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მის გამოყენებას იმ პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადის მიწოდება დაბალი ნაკადით, რამდენადაც მას შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში“.
რემდესივირი 2020 წლის დეკემბრიდან წარმატებით გამოიყენება საქართველოშიც, გამოცდილება ჯერ დიდი არ არის (ნამკურნალებია 1500-მდე პაციენტი), მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების დამძიმების რისკებს და აუმჯობესებს გამოსავლებს. დღეში 30-40-50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსათვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციით დაბალი მოცვით და რომ არა რემდესივირის და ტოცილიზუმაბის ფართოდ გამოყენება, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, როგორც ამას მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ.
სამწუხაროდ, ანგაჟირებული ტელევიზიები და ზოგიერთი ექიმი: ბ-ნი გიორგი კამკამიძე, ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, ბ-ნი ვახტანგ კალოიანი, ადრე ბ-ნი გიორგი კანდელაკი და უცხოეთში მომუშავე ზოგიერთი ქართველი ექიმი ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ რემდესივირი უვარგისი და უსარგებლო მედიკამენტია და მას მსოფლიოში საქართველოს გარდა არსად არ იყენებენ??!! და ითხოვენ, რომ იგი ამოღებულ იქნას ხმარებიდან და ნაციონალური პროტოკოლიდან.
ერთი საყურადღებო ფაქტი: ა.წ. 14 აგვისტოს ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ვებინარი, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო ქ. ატლანტის ემორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქ-ნი ქეთევან კობაიძე, რომელმაც არაერთგზის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რემდესივირი სტეროიდებთან ერთად არის COVID-ის სამკურნალო ძირითადი მედიკამენტი და მას ძალიან ფართოდ იყენებენ ამერიკის კლინიკებში. უფრო მეტიც – მან რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ რემდესივირს აძლევენ არა მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს (როგორც ეს ზოგიერთ გაიდლაინში წერია), არამედ პრაქტიკულად ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რემდესივირი მკვეთრად ამცირებს COVID გადატანილებში COVID შემდგომი გართულებებისა და რე-ჰოსპიტალიზაციის რისკებს.
ამ ვებინარს პრაქტიკულად ყველა ზემოთ აღნიშნული ექიმი უსმენდა და არცერთს ქ-ნ ქეთევანის ნათქვამი არ გაუპროტესტებია, კითხვებიც კი არ დაუსვამთ. მაშ, რატომ ეწევიან ისინი საქართველოში რემდესივირის დისკრედიტაციას და ანტიპროპაგანდას? პასუხი ორიდან ერთია – ან ამ „ექიმმა ექსპერტებმა“ მართლა არაფერი იციან COVID-ისა და რემდესივირის შესახებ (რაც ნაკლებ სავარაუდოა), ან შეგნებულად და გამიზნულად მიმართავენ რემდესივირის გამოყენების საბოტაჟს (ადრე ზუსტად იგივე ხდებოდა ტოცილიზუმაბზეც), რადგან მათ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“.
ეს ძალიან ცუდია, რადგან სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული ტელევიზიებისა და ექსპერტების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები და ექიმები დღემდე არ იყენებენ რემდესივირს, რითაც საბოლოოდ COVID პაციენტები ზარალდებიან.
დღეს საქართველოში COVID პანდემიის მხრივ ექსტრემალური სიტუაციაა. ექიმები თავგანწირვით იბრძვიან ათეულობით და ასეულობით COVID ავადმყოფების გადარჩენისთვის და ამ დროს ნებისმიერი ხელის შეშლა, დაპირისპირება და საბოტაჟი დაუშვებელია“,- წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.