თენგიზ ცერცვაძე - რეკომენდაციებს თბილისში შედარებით იცავენ, რეგიონებში მოშვებულია
ჩვენს კლინიკაში პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია. გვყავს ხუთი მძიმე პაციენტი, მაგრამ არც ერთი არ არის უიმედო და კრიტიკულად მძიმე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციური კლინიკა პაციენტების გადარჩენის ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც.
„ზოგადად, ჩვენი კლინიკა გამოირჩევა პაციენტების გადარჩენის ძალიან მაღალი დონით, შესაძლოა, ქვეყანაში და ვეროპაშიც. ჩვენ დაახლოებით 1 400 პაციენტი გვყავს გატარებული, ხოლო მათგან 13 არის გარდაცვლილი, ანუ ერთი პროცენტია გარდაცვლილი. ეს ჰოსპიტლისთვის სიკვდილობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამას თავისი მიზეზი აქვს, ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო პირველი და დღესაც რჩება ფლაგმანზე. დღეს „კოვიდისთვის“ გვაქვს 60-მდე საწოლი, მთლიანად დატვირთული არ არის, დაახლოებით 40 ავადმყოფი გვყავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას ცერცვაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავს, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
„სამწუხაროდ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 40 პროცენტზე ჩამოვიდა, აღარ ვიცავთ სოციალურ დისტანცირებას, ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისში შედარებით ვიცავთ, რეგიონებში მოშვებულია. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კიდევ მოითმინონ ერთი-ორი თვე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.