თენგიზ ცერცვაძე - რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი
რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სწავლის დაწყების შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარება თეორიულად შეიძლება, დამძიმდეს. ცერცვაძე მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„აქ მაინც გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ესეც ხომ ვაქცინა არ არის. უნდა დავიცვათ ყველა წესი, პირბადეს უნდა ატარებდეს ყველა მოსწავლე და პედაგოგები უნდა იყვნენ აცრილი. რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენ თან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. კი, გამოხატვისა და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია, მაგალითად სისხლის დონორს ხომ აიძულებენ, შემოწმდნენ შიდსზე, ჰეპატიტზე და ა.შ. ასე, რაღაც იძულებითი ზომები ვაქცინაზეც აუცილებელია“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.