რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.
„ბევრისთვის ეს იმდენად უჩვეულოა, რომ ღიზიანდებიან კიდეც. როგორ, ამდენი შემთხვევა, ყოველდღიურად 30-დან 50-მდე ადამიანის სიკვდილი და დაბალი როგორ არისო. არის დაბალი და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების ოფიციალური მონაცემები ნახოს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი, ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის არის 0,93%. ჩვენზე დაბალი სიკვდილობა სამ თუ ოთხ ქვეყანას აქვს. ეს ასეა. ცალკე საკითხია, თუ რატომ, რას ნიშნავს ეს და გვაძლევს თუ არა ეს დამშვიდების საშუალებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გიორგი კამკამიძის არაკორექტულ პოსტს, სადაც ავტორმა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გადაყენება მოითხოვა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ პოსტზე არანაირი საგნობრივი შეფასება არ ექნება, რადგან ეს საგნობრივი პოსტი არ იყო.
„ამას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. იქ ეწერა, რომ ნალოლიავები და გაჭირვებით გამოზრდილი ანგელოზები სიკვდილს მიჰყავს და ეს თურმე, ჩემი ბრალია. აი, ეს უწერია ერთადერთი მიზეზი და მერე ის უცენზურო და უწმაწური გამონათქვამები. ამას რა უნდა ვუპასუხო?! მე შემიძლია, მის პიროვნულ შეურაცხყოფას ვუპასუხო, რომ ეს ასე არ დარჩება და მას მოუწევს ძალიან მკაცრად პასუხისგება. ეს არის მხოლოდ პიროვნული დამოკიდებულება, ხოლო თვითონ ის პოსტი არანაირ პასუხს არ საჭიროებს. იმიტომ, რომ იქ საგნობრივი არაფერი წერია. ამ პოსტს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა; ბატონი გიორგისთვის ჩვენ არავითარი მიზეზი და უბრალოდ, პატარა საბაბიც კი არ მიგვიცია. ბოლოს თვითონ წერს, კი, მე მასთან დაპირისპირებული ვარ და ეს პოსტი ამიტომ დავწერეო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ოპონენტთა შენიშვნებს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის და მისი გაწერის კრიტერიუმები სასწრაფოდ არის შესაცვლელი, რადგან ხშირად, საავადმყოფოში გადაჰყავთ ისეთი პაციენტები, რომელთა მკურნალობა ბინაზეც შესაძლებელია და საჭიროების მქონე პაციენტები ჰოსპიტალს მიღმა რჩებიან, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება, უკეთეს მოდელებს მივაგნოთ, მაგრამ გაწერის კრიტერიუმები გაწერიაია და ზოგიერთს არ უნდა, ის წაიკითხოს.
„კითხულობენ ივლისში გამოქვეყნებულ გაიდლაინს და იმაზე აპელირებენ. მაშინ, როდესაც 23 თუ 29 ოქტომბერს გამოსულია მინისტრის ბრძანება, რომელიც გაწერის საკითხებს არეგულირებს. კი, ამ ბრძანებაში გამეორებულია ის ოფიციალური კრიტერიუმები, მაგრამ წერია, რომ შექმნილი სიტუაციის გამო კლინიკიდან გაწერა დასაშვებია კლინიკაში შემოსვლიდან ნებისმიერ ვადაში. ანუ, ორი დღის შემდეგაც შეგიძლია, პაციენტი გაწერო, ორი ექიმის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, „კოვიდ-19“ ყველაზე არაპროგნოზირებადი, უცნაური, თავისებური და ვერაგი დაავადებაა რაც ამ ხნის ინფექციონისტს ინფექციური დაავადებები უნახავს და ამიტომ, პაციენტის ბინაზე დატოვებაც დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
„მისი შედარება არაფერთან არ შეიძლება და ერთ-ერთი მისი არაპროგნოზირებადი თავისებურება და ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ მას სწრაფი, არაპროგნოზირებადი დამძიმება ახასიათებს. შეიძლება, ძალიან მსუბუქად დაიწყოს და რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ პაციენტი დაიღუპოს. ეს დაავადება არ ცნობს ოფიციალურ პარამეტრებს. სხვა დაავადებების დროს ამ ოფიციალური პარამეტრებით შეუცდომლად შეგვიძლია, მდგომარეობა შევაფასოთ, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დროს კი, რა თქმა უნდა, ისევ ამ პარამეტრებით ვხელმძღვანელობთ, მაგრამ არ არის არავითარი გარანტია, რომ ამ მაჩვენებლით შეფასებული რისკი ყოველთვის გაამართლებს. გვხვდება შემთხვევები, როდესაც პაციენტი არ იყო ძალიან მძიმე, ან სულ არ იყო მძიმე, სახლში დატოვეს ან სასტუმროში წამოიყვანეს, სწრაფად დამძიმდა და ზოგჯერ, საავადმყოფოში გადაყვანა ვერც მოასწრეს. ამიტომ, ბუნებრივია, სასწრაფოს და ოჯახის ექიმები სიფრთხილეს იჩენენ. შესაძლოა, იმაზე მეტ სიფრთხილეს, ვიდრე უნდა იჩენდნენ, მაგრამ მათ ეშინიათ პასუხისმგებლობის, რომ შეიძლება, პაციენტი მოულოდნელად დამძიმდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პაციენტის სახლში დატოვება უწყინარი არ არის.
„სათქმელად ძალიან კარგია. საქართველოში ექსპერტების, თუ საზღვარგარეთ მყოფი ექიმების ნაწილს მაგალითად მოჰყავთ, რომ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაცია ინფიცირებულთა 10-15%-ს, მაქსიმუმ 20%-ს არ აღემატება. კი, ბატონო, ასეა, მაგრამ ამის შედეგი თუ იცით, რა არის? ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ. ამის შედეგი არის ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ასეულები, ათასები და ათეულ ათასები. მართალია, ჩვენი ფრთხილი ტაქტიკა სექტორის განტვირთვის თვალსაზრისით კარგი არ გამოდგა, მაგრამ ამ სიფრთხილის გამო საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვალების რიცხვი 15-16-ია, ინგლისში კი, ერთ-ერთ ნომერ პირველ ქვეყანაში, მათი ოფიციალური მონაცემებით 60 000 გარდაცვლილი ჰყავთ და აქედან ყოველი მეათე, ანუ 10%, 6 000 ადამიანი ჰოსპიტალს გარეთ გარდაიცვალა. აი, რა მოსდევს შედარებით ნაკლებად მძიმე ავადმყოფების ბინაზე დატოვებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.