თენგიზ ცერცვაძე - რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება, სრულ თავისუფლებაზე გადაერთო, მოდით, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოს საზოგადოება და ქართველებიც ნაადრევად გადაერთნენ კორონავრიუსის მეორე ტალღაზე, მაშინ, როცა ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა.
„პირველი ტალღის დამთავრებას ვერ ვიტყვით, მაგრამ ასე თუ ისე მშვიდობიანი ფაზა გვაქვს საქართველოში, ძალიან დასტაბილურდა სიტუაცია, ამჟამად კლინიკებში არ არის 130 კაცზე მეტი. ვერ დაგეთანხმებით, რომ იზრდება რაოდენობა, მერყეობს, ხან არის ერთი, ხან რვა, ხან ოთხი. ერთნიშნა ციფრის ფარგლებში მერყეობს, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. თუმცა, ასე არ არის მსოფლიოში, მსოფლიოში არ მცირდება. გუშინ წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ პირიქით, გლობალურად უარსდებაო.
გლობალურად არ მცირდება, მცირდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პიკმა გადაიარა. არც ყოფილა პიკი საქართველოში და საქართველოში არის მისაღები ციფრები. არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. სომხეთში იმატებს, აზერბაიჯანშიც იმატებს, მაგრამ ნაკლებად დრამატულად, რუსეთში იმატებს, თურქეთში ისე აღარ იმატებს, მაგრამ მაინც იმატებს. ასე რომ, ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა, ჩვენთან, საქართველოში დამთავრდა პირველი ტალღა და ამან დათვური სამსახური არ გაგვიწიოს. რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი სზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე“,- განაცხადა ცერცვაძემ, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოში მსოფლიოსთან შედარებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ მოეშვან და რეკომენდაციების დაცვაზე უარი არ თქვან.
„ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. სურათი დაიდო „ფეისბუქზე“- კაფე „ფაბრიკაში“ ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი. სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა“,- აღნიშნა ცერცვაძემ.