თენგიზ ცერცვაძე - რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით, საგანგებო მდგომარეობაც მოიხსნება და ეკონომიკაც გაცოცხლდება
დღევანდელ სიტუაციაში ალბათ უფრო სწორი იქნება, საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგალითად, ორი კვირით გახანგრძლივდეს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
„რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ; ის საგანგებო მდგომარეობა მით უფრო ჩქარა მოიხსნება და ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო ჩქარა გაიხსნება და გაცოცხლდება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა შენარჩუნდეს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგ იმის გათვალისწინებით, რომ კარგი ამინდის დადგომასთან ერთად ქუჩებში ხალხმრავლობა უკვე შეინიშნება.