თენგიზ ცერცვაძე - ქვეყნის ხელმძღვანელობა და პირადად პრემიერი არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებისა, რომ ქვეყანა ყველაზე უკეთ უმკლავდება კოვიდინფექციას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით
ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთავრობას ხელი უდევს პულსზე და შეხვედრაზე ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც ბოლო პერიოდში პრობლემები შექმნა.
„რამდენადაც დაიწყო შემთხვევების ზრდა, თუ ამაზე მთავრობა და ექიმები რეაგირებას არ მოახდენენ, შეიძლება, დავკარგოთ ეს ძალიან კარგი პოზიციები. დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომელიც პირადად მე მიმაჩნია და არ მერიდება ამის აღნიშვნა, არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებების, რომ ქვეყანა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით კოვიდინფექციას ყველაზე უკეთ უმკლავდება, ხელი უდევს პულსზე. ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც პრობლემები შექმნა ბოლო პერიოდში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.