თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გარკვეული რაოდენობა შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად
„კოვიდ-19“-ის გარკვეული რაოდენობა შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, სიტყვები – ვისწავლოთ ცხოვრება კორონავისრუსთან ერთად, სპეციფიკური ნათქვამია და საზოგადოებამ მისი მნიშვნელობა სწორად უნდა გაიგოს.
„შესაძლოა, ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია – ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არის ათასობით ახალი ავადმყოფი, ასეულობით და ათასობით გარდაცვლილი.
საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად. ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს, ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად.
უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, რათა ამ შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი. ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში სულ გაქრება ეს ინფექცია და საქართველოში აღარცერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიური ინფიცირებული პირების რაოდენობა და ავადმყოფების რაოდენობა იყოს დაბალ ნიშნულზე, როგორც ეს არის რომელიღაც სხვა ინფექციის დროს.
რა, ფილტვების ანთება არ ემართებათ საქართველოში ადამიანებს? მაგრამ ის არ არის მასობრივი, ეს არ არის ასეულები და ათასეულები. აი, ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც. ამ დაავადების, „კოვიდ-19“-ის გარკვეული რაოდენობა შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება. ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“, – განაცხადა ცერცვაძემ.