თენგიზ ცერცვაძე - პროტოკოლს სწორი წაკითხვა უნდა, ოპონენტები რომ ამბობენ, ბუნდოვანიაო, ამას კოლმეურნე ან მეშახტე ხომ არ კითხულობს, ექიმისთვის ბუნდოვანი არ უნდა იყოს
ჩვენი პროტოკოლით, ინოვაციური მიდგომებით არა ერთი მძიმე, სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გადაგვირჩენია, – ამის შესახებ „კოვიდ 19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.
„ოპონენტებს ერთ რამეს ვეუბნები და მინდა, აქედანაც მივმართო – პროტოკოლი არის მთავარი დოკუმენტი, რომლითაც ავადმყოფის მკურნალობა ხდება და საწოლთან ექიმი პროტოკოლით ხელმძღვანელობს. ახლა, რამდენიც გინდა, მიმტკიცე, რომ იქ რაღაც ბუნდოვანია. შეიძლება, არის, რადგან იდეალური დოკუმენტი არ არსებობს. კონსტიტუცია არ არის იდეალური და ზოგიერთი პუნქტი კონსტიტუციაშიც არაერთგვაროვნად იკითხება, მაგრამ მოდით, შედეგით ვიმსჯელოთ. სუფთა სამედიცინო პარამეტრი ეს არის გარდაცვალების პროცენტი და ეს საქართველოში 0.92 პროცენტია, ხოლო ევროპაში ჩვენზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, რაკი საქართველოს კარგი შედეგები აქვს, ესე იგი, პროტოკოლი კი არ არის ცუდი, არამედ ოპონენტები, რომლებიც მას ცუდად კითხულობენ.
„პროტოკოლს სწორი წაკითხვა უნდა. ოპონენტები რომ იძახიან, ბუნდოვანიაო, ამას კოლმეურნე ან მეშახტე ხომ არ კითხულობს?! ექიმი კითხულობს და ექიმისთვის არ უნდა იყოს ბუნდოვანი. დავუშავათ, იყოს ბუნდოვანი. დაანებოს თავი იმ ბუნდოვან ნაწილს და რაც „გაბოლდებულია“ და ოფიციალური მითითებებია, იმით იხელმძღვანელოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა არის ოპონენტთა მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამის მიზეზი ზუსტად ის არის, რაც სხვა დარგებშია და უბრალოდ, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც უნდა, ყველაფერი ცუდად წარმოაჩინოს, რომ ყველაფერი ცუდადაა. „თუ ის იტყვის, რომ კონკრეტულად მკურნალობა კარგად მიდის და ქვეყანა კოვიდს მინიმალური დანაკარგით უმკლავდება, ესე იგი, ჯანდაცვის სამინისტრო სწორად მუშაობს. ესე იგი, სახელისუფლებო ვერტიკალი და პრემიერი სწორად მუშაობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეფასებს იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში კოვიდინფექციით რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელთა ოჯახის წევრები მიზეზად ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღებას, თუ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას ასახელებენ და რა შეიძლება, გაკეთდეს პრევენციისთვის, რათა ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დავიდეს, თენგიზ ცერცვაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ადამიანის სიცოცხლე რაოდენობით არ იზომება და თითოეული სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ საქმისადმი საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს, ერთეული შემთხვევები განვიხილოთ, რისი საშუალებაც უცხოეთში არ არის.