თენგიზ ცერცვაძე - პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 ადამიანშია აღმოჩენილი.
ცერცვაძის თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალ ვარიანტს „ომიკრონის“ გავრცელება და „დელტას“ სიმძიმე ახასიათებდეს.
ამასთან, ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით რაიმე ახალ სიმპტომებზე საუბარი არ არის.
რიგმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარსელის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელიც ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ მაინც ჩანს, რომ დაფიქსირებულია ახალი შტამი და რომ ეს ახალი შტამი მათ დააფიქსირეს სულ ცოტა 17 ადამიანში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მათგან სამი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“, პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, როგორც „ომიკრონი“ ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის ექნება. შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. თუმცა, ჯერჯერობით 17 შემთხვევაა დადასტურებული და ეს მსჯელობა ეყრდნობა მხოლოდ ახალი შტამის სტრუქტურის მეცნიერულ ანალიზს. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, – განაცხადა ცერცვაძემ.