თენგიზ ცერცვაძე - პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში, რომელიც პირველი დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური
თენგიზ ცერცვაძე - პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში, რომელიც პირველი დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური

პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა საკუთარ ხელში. მოდი, ასე დავარქვათ – მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და მედპერსონალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრი ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში.

„საპასუხო ზომები იყო საკმარისი და ეფექტური, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებდნენ, როგორც კი დაიწყო შემთხვევების მატება ჩვენთან. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში. მოდი, ასე დავარქვათ – მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხი წამყვანი ჰოსპიტალის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და  კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება, ძალიან დროული და სწორი იყო.

„კერძოდ, ბევრი გამოთქვამდა გარკვეულ ეჭვს, რამდენად მზად იყო ჩვენი ქვეყანა, მისი ჰოსპიტალური სექტორი. პირველი, რაც გააკეთა ბატონმა პრემიერმა, საგანგებო თათბირზე, მინისტრთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ, განაცხადა, რომ გამოიყო სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხი წამყვანი ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი და ნაწილობრივ ბოჭორიშვილის კლინიკა. ამ ოთხ ჰოსპიტალს აქვს 440 საწოლის რესურსი, რაც დღეისთვის საკმარისზე მეტია. კონკრეტულად ითქვა, რამდენი სუნთქვის აპარატი აქვს ოთხ დაწესებულებას, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიარა მომზადება და მთლიანად ეკიპირებულია და რაც მთავარია, მთლიანად დაცლილია. ამაში ეპარებოდათ ეჭვი ჩვენს ოპონენტებს, რომ  ამბობთ,  მზად ხართ მისაღებად, მაგრამ როგორ ხართ მზად, როდესაც ყველა კლინიკა სავსეა ავადმყოფებით? ეს ოთხი ჰოსპიტალი მთლიანად დაცლილია სხვა ავადმყოფებისგან და ეს არის იდეალურად მომზადებული სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ღონისძიებები შიდა გადაცემის პრევენციის მიმართულებით.

„სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის დროებით შეჩერება, დაიკეტა  ბარები, რესტორნები და სხვა. ეს ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანი  და იმდენად ეფექტურად იყო მის მიერ ფორმულირებული და გახმოვანებული, რომ ყველა ოპონენტმა, ვინც აკრიტიკებდა საპასუხო ღონისძიებებს, შეწყვიტა საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკა. ყველა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები ეფექტური, საკმარისი და ადეკვატურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.