თენგიზ ცერცვაძე - პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს შენობა არ არის კარგ მდგომარეობაში, თუმცა მისი განმარტებით, სერვისები, რომელსაც იქ მყოფი პაციენტები იღებენ, უმაღლეს დონეზეა.
თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს და პაციენტებს მაღალი ხარისხის სერვისთან ერთად, კარგი ინფრასტრუქტურული პირობებიც დახვდებათ.
„თუ მხედველობაში მივიღებთ შენობის მდგომარეობას და მის შიდა დიზაინს, შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებასა და სერვისებზე. მომსახურება, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დირექტორი, არის უმაღლეს დონეზე, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. ამიტომ გავმიჯნოთ -შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი.
ახლა გვაქვს მიღებული უკვე კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან. ის შეგვპირდა, რომ სახელმწიფო შეიძენს უმოკლეს ვადებში, ერთ-ორ თვეში დიღომში, ე.წ სამედიცინო ინოვაციების ცენტრი ჰქვია, 11-სართულიან შენობას, რომელიც ააშენა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ. ამას იყიდის სახელმწიფო და გადმოგვცემს. ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტა ამ საკითხის და მომავალში მარტო კარგ სერვისებზე და მარტო კვალიფიკაციაზე არ გვექნება საუბარი, ფიზიკური პირობებიც ექნებათ პაციენტებს კარგი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის.
„ადმინისტრაციის შენობის სახურავი გადახადეს და სახურავ გადახდილ შენობაში მუშაობს ჩვენი ადმინისტრაცია. წვიმის დროს ჩამოდის წყალი. რაც შეეხება ბოქსირებულს, გადახურულია, შიგნით კედლები რომ ნახოთ, იატაკი, კაფელი არის დაცვენილი. ჰიგიენური ნორმები არის, პირადი ჰიგიენის ნივთები აქვთ პერსონალს. წყალი აქვთ, საპირფარეშო ყველა ბოქსს თავისი აქვს. ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.