თენგიზ ცერცვაძე - პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი სათანადო ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა ბინაზე მყოფი პაციენტების მართვა შეძლონ
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაცით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი თანდათან გაძლიერდება. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ცოდნით, უნარ-ჩვევებით, რათა ბინაზე მოთავსებული კოვიდპაციენტების მართვა შეძლოს.
„გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი. ეს ბრძანებით და ერთ დღეში ვერ მოხდება. ამას სჭირდება დრო, ეს არის პროცესი. ოჯახის ექიმების რიცხვი, რომლებიც „კოვიდთან“ ბრძოლაში არიან ჩართული, თანდათან იზრდება და მომავალში გათვალისწინებულია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი აღჭურვილი იყოს სათანადო ცოდნით, უნარ-ჩვევებით, რათა ბინაზე მოთავსებული კოვიდპაციენტების მართვა შეძლონ. სულ ახლახან ჩაეშვა ხმარებაში ახალი გაიდლაინი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ბინაზე დარჩენილ პაციენტებს როგორ უნდა მივხედოთ და ვუმკურნალოთ. ზოგიერთი კითხულობდა, ბინაზე დარჩენილებმა რა ქნან, სარგებლობდნენ ჩვენი ექიმების ცალკეული მითებებით, ცალკეული პოსტებით, ცალკეული წერილებით, დღეიდან ისინი ისარგებლებენ გაიდლაინებით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.