თენგიზ ცერცვაძე - პირბადეების ტარებას 90%-ზე თუ ავწევთ, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღაზე საუბრისას.
ცერცვაძის თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და არა ხელაღებით.
„შეზღუდვები ხელაღებით არ უნდა მოიხსნას, როგორც ამას მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს და მთავრობა ჯერჯერობით ნახულობს თავის თავში ძალას, რომ არ აჰყვეს ამ პოპულისტურ მოთხოვნებს, ერთი ხელის მოსმით მოხსნას ყველა შეზღუდვა. ვხედავთ, მთავრობა შეზღუდვებს ხსნის ძალიან ინტენსიურად, ძალიან სერიოზულად, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისში, ქუთაისში და რუსთავში შედარებით უფრო მკაცრი შეზღუდვებია. საქმე ეხება ტრანსპორტს, რესტორნებს და სხვა.
შეზღუდვების მოხსნა თუ განხორციელდება ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და მეორე უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი მოსახლეობა თუ ისწავლის და ყოველ შემთხვევაში შეინარჩუნებს იმ თვისებას, რომ ატაროს პირბადე, ჩვენთან მესამე ტალღა დიდი ალბათობით არ იქნება. მესამე ტალღას აანონსებენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები, უკვე იღებენ ზომებს, უკვე ეშინიათ მესამე ტალღის, რადგან იქ ჯერ მეორე ტალღას ვერ გაუმკლავდნენ.
ჩვენ მეორე ტალღას უკვე გავუმკლავდით. უჭირთ იქ, მეორე ტალღა ვერ ჩააცხრეს ჯერ და უკვე მესამის ეშინიათ. ჩვენთან მეორე ჩავაცხრეთ. იდეალურს ვერ დავარქმევთ დღევანდელ სიტუაციას, მაგრამ იდეალურთან მიახლოებულია დღევანდელი სიტუაცია. თუნდაც იმიტომ, რომ სიკვდილობა უკვე ერთეულია, ორ ათეულზე მეტი არ არის და კლინიკური სექტორი აბსოლუტურად მართავს ყველაფერს. ჩვენ მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ, თუ ვატარებთ პირბადეებს. ახლა პირბადეების ტარება არის 60-65%. ჩვენ თუ 90%-ზე ავწევთ პირბადეების ტარებას, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ კომენტარი გააკეთა დადებითობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, რომლეიც თანდათან იკლებს.
„შემსუბუქება უკვე აისახა, მაგრამ რომ უფრო მეტად უნდა აისახოს და ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს. ახლოს ვართ, ერთი კვირა უნდა იყოს ოთხ პროცენტზე ნაკლები. დღეს ერთი პროცენტი მოიმატა. არა უშავს – ასეთი მერყეობა იქნება. კარგია, რომ 4%-ის ზონაში მერყეობს, 5, 3, 4. არ მოიმატებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ დღეებში დაიკლებს. ვნახავთ, ორ კვირაში თუ პირბადეებს ატარებენ, ბათუმი იქნება ეს თუ სამეგრელო, ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც იმერეთში, თუნდაც თბილისში. დღეს გაირკვა, დადასტურდა, რომ პირბადე წყვეტს ყველაფერს. პირბადეს თუ ატარებენ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.