თენგიზ ცერცვაძე - ოზონოთერაპიასთან ფრთხილად ვიყოთ, ნუ მივცემთ გადაჭარბებულ შეფასებას და ავტეხთ აჟიოტაჟს, ჯერ უნდა შევისწავლოთ შედეგები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ოზონოთერაპიის მეთოდის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებასთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ.
„პლაზმა ცნობილი მეთოდია და ნამდვილად ეფექტიანია, თუ შეძლებ მის კარგად დამზადებას და იმ პაციენტის სწორად შერჩევას, ვისაც უნდა გადაუსხა. ოზონოთერაპიაზე კი, ძალიან გთხოვთ, უფრო ფრთხილად ვიყოთ. ოზონოთერაპია ესეც ოდითგანვე ცნობილი მეთოდია, მიმართავენ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ ეს არ არის ოფიციალურად ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (FDA) მიერ რეკომენდებული მეთოდი. მას მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში და სხვაგან, მიმართავენ ერთგვარი კვლევისთვის, ერთგვარ ექსპერიმენტებს აწარმოებენ ოზონზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, თბილისში ოზონოთერაპია არ გამოყენებულა, აღნიშნული მეთოდი მხოლოდ ბათუმში გამოიყენეს ოთხ ინფიცირებულ პაციენტზე
„ხაზს ვუსვამ, ბათუმში გამოიყენეს. იქ არის ოზონოთერაპიის სპეციალისტი და მან გამოიყენა. მათი მოწოდებული ინფორმაციით, ოზონოთერაპიის გამოყენება იყო ეფექტიანი. კერძოდ, ამ ოთხიდან სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა სისხლში, ერთს – მე-7 დღე, ორს – მე-9 დღეს. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ, პაციენტებში ვირუსის გაქრობა იწყება მე-14 დღიდან და გრძელდება ზოგჯერ რამდენიმე კვირა. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ ამას ჯერ გადაჭარბებულ შეფასებას. ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები. ისინი გადმოგვიგზავნიან ამ ოთხ ადამიანზე ჩატარებული მკურნალობის შედეგებს, ჩვენ შევისწავლით, იყო თუ არა მართლა ასეთი ეფექტი, ხომ არ იყო რაიმე გვერდითი მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდეს ამ მეთოდის ასეთი კვლევა თუ არ გაგრძელდეს. ისევ ვიმეორებ, თუ გაგრძელდება, მხოლოდ კვლევა და არა სამკურნალოდ გამოყენება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.