თენგიზ ცერცვაძე - ოქტომბერში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ პრინციპულად ახალ მედიკამენტს, რომლებმაც სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის წარმატებულ მკურნალობაში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიმდინარე თვეში საქართველოში კოვიდის სამკურნალო ორი მედიკამენტი შემოვა.
ცერცვაძის თქმით, მოლოდინია, რომ აღნიშნულმა მედიკამენტებმა პაციენტის დამძიმების რისკები მკვეთრად უნდა შეამციროს.
„საქართველოში ოქტომბრის თვეში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ პრინციპულად ახალ მედიკამენტს, რომლებმაც, ჩვენი მოლოდინია, რომ სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის წარმატებულ მკურნალობაში. კერძოდ, მკვეთრად უნდა შეამციროს ავადმყოფის დამძიმების რისკები, შესაბამისად, რეანიმაციაში მოხვედრილი ავადმყოფების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ესაა ორი მედიკამენტი. მონოკლონური ანტისხეულები – კოვიდის მკურნალობაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კოვიდის სამკურნალოდ ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ სწორედ მონოკლონურ ანტისხეულებზე. ეს არის იმის მსგავსი ანტისხეულები, რომლებიც მუშავდება ადამიანის ორგანიზმში კოვიდის გადატანის შემდეგ, მაგრამ ეს ანტისხეულები მიღებულია გენეტიკური ინჟინერიის გზით.
ჩვეულებრივ ირგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულებისგან იმით განსხვავდება, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არის ან დაბალი ან მაღალი, მაგრამ ხშირად მაინც არაა საკმარისი, რომ კოვიდგადატანილი პაციენტისგან აღებული პლაზმით ვუმკურნალოთ პაციენტს და ყოველთვის მივიღოთ კარგი შედეგი. ჩვენ ამ მეთოდს ერთ-ერთი პირველი მივმართავდით, გვქონდა შედეგები, მაგრამ არა ისეთი, როგორიც გვინდოდა. მონოკლონური ანტისხეულები გენეტიკური ინჟინერიით მიღებული ანტისხეულებია, არის ძალიან მაღალი კონცენტრაციით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძე განმარტავს, რომ მონოკლონური ანტისხეულები გამოიყენება მხოლოდ კივიდის ადრეულ სტადიაზე, ათი დღის განმავლობაში.
„მხოლოდ ამას აქვს მსოფლიოს მთავარი მარეგულირებლების ნებართვა კლინიკებში გამოსაყენებლად. ეს გამოიყენება ინგლისში, სადაც კარგი შედეგებია, ამერიკაში, იტალიასა და გერმანიაში. საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამას შემოიტანს. ეს არის ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბინაზე დარჩენილი ერთი პაციენტის მცირედი დოზით მკურნალობა ჯდება 1 200$, ხოლო კლინიკაში, სადაც უფრო მაღალი დოზის გამოყენება ხდება, ჯდება დაახლოებით 3 000$ ერთ პაციენტზე. ამ წამლის დეფიციტია და შეძენაში გვეხმარებიან ზოგიერთი ქვეყნის საელჩოები, რაც მთავარია, მსოფლიო ბანკი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაეფინანსებინა მთლიანად ან ნაწილობრივ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის ინფორმაციით, აღნიშნული მედიკამენტი საქართველოში ყველაზე გვიან ოქტომბრის ბოლოს შემოვა.
რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ეს ბარიციტინიბია და ქვეყანა მას 2-3 დღეში მიიღებს.
„ბარიციტინიბი განსხვავებული მექანიზმისაა, რადგან ტაბლეტია, რაც ხელსაყრელია. მას აქვს ორმაგი მოქმედება, ის არის ანტივირუსულიც და ანტიანთებითიც. აქვს ის თვისებები, რაც აქვს „რემდესივირს“ და რომელიც ექნება მონოკლონურ ანტისხეულებს, ექნება ის თვისებებიც, რომელიც აქვს ტოცილიზუმაბს. ამ ერთი მედიკამენტით ვმკურნალობთ კოვიდის ორ მექანიზმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაგვიანებული პაციენტებისთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.