თენგიზ ცერცვაძე - ნუ გამოვიყენებთ შერბილებულ ღონისძიებებს ბოროტად და ცოტა ხანი კიდევ დავრჩეთ სახლში
ნუ გამოვიყენებთ შერბილებულ ღონისძიებებს ბოროტად და ცოტა ხანი კიდევ დავრჩეთ სახლში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა სერიოზულ გზაგასაყარზეა.
„ორშაბათიდან დაიწყო შერბილება ზომების და ეტაპობრივად დაანონსებულია ზოგიერთი შეზღუდვების შერბილება. მინდა გითხრათ, რომ ვართ ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზე. ერთის მხრივ, ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო მკაცრი იქნება შეზღუდვები, მით უფრო ადვილია ეპიდემიის შეჩერება. სხვა საქმეა, ვეთანხმებით თუ არა ამ შეზღუდვებში ყოფნას. ადამიანები ვართ და ყველას გვიჭირს გარკვეული შეზღუდვა. ვიღაცას არსებობა უჭირს და ყოველდღიური გამომუშავებით ირჩენდა თავს და სარჩო დაკარგა. ამიტომ მოითხოვენ, რომ შეზღუდვები შერბილდეს და უნდა შერბილდეს.
მიმაჩნია, რომ მთავრობამ სწორად გადაწყვიტა, რომ უნდა შეერბილებინა. მაგრამ ეს შეიცავს მეორე საფრთხეს, ის რაც გვქონდა მიღწეული, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი მცირე რაოდენობა ევროპაში, ეს შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და წყალში გადავყაროთ. ნუ გამოვიყენებთ შერბილებულ ღონისძიებებს ბოროტად და ცოტა ხანი კიდევ დავრჩეთ სახლში“,- განაცხადა ცერცვაძემ.