თენგიზ ცერცვაძე - ნიუ იორკში ზურაბ აზარაშვილის მოხსენებამ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, აღინიშნა, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოხსენებამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელის შესახებ ნიუ იორკში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცერცვაძის თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დღეებში გამართულ შეხევედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და მისი გამოცდილება დაეხმარება სხვა ქვეყნებს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.
„ქართული ჯანდაცვის კიდევ ერთი აღიარება. 20 სექტემბერს, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დღეებში, ჰეპატიტების ელიმინაციის გაერო-ს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.
ძირითადი ორგანიზატორები იყვნენ: ატლანტის ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის იდეის ერთ-ერთი ინიციატორი და ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში (C ჰეპატიტზე კვლევებისათვის) John Ward, ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIH/NIAID) პროფესორი Harvey J. Alter. პროფესორი John Ward იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ხელმძღვანელი ამერიკის CDC-ს მხრიდან.
გაერო-ს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის მიზანია, მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილების, სხვა ქვეყნებისათვის გაზიარების გზით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაერო-სა და ჯანმოს წარმომადგენლები და 20-ზე მეტი ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელები.
საქართველო აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე მიწვეული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ლიდერი ქვეყანის სტატუსით (“Georgia is now a global leader in hepatitis C elimination”). საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. მინისტრთან ერთად ნიუ იორკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი აკაკი აბუთიძე.
ზურაბ აზარაშვილმა შეხვედრაზე გააკეთა ვრცელი მოხსენება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელის შესახებ, სადაც დამსწრეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. მოხსენებამ შეხვედრის მონაწილეების დიდი ინტერესი და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და მისი გამოცდილება დიდად დაეხმარება სხვა ქვეყნებს, ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან ბრძოლაში.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 80 ათასამდე ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი. არც ერთ სხვა ცალკე აღებულ ჯანდაცვით პროგრამას (მხედველობაში არა მაქვს საყოველთაო ჯანდაცვა) არ გადაურჩენია ამდენი ადამიანის სიცოცხლე. ზურაბ აზარაშვილს აგრეთვე წილად ხვდა დიდი პატივი სპეციალური მიმართვით მიემართა მსოფლიო ქვეყნებისათვის და მოეწოდებინა შეერთებოდნენ გაერო-ს ქარტია/მეგობართა ჯგუფს და გააერთიანებინათ ძალისხმევა C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში. შეხვედრაზე გადაწყდა ჰეპატიტების ელიმინაციის გაერო-ს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის ოფიციალურად დაფუძნება“, – წერს ცერცვაძე.