თენგიზ ცერცვაძე - ნიშნის მოგებით რომ გვეუბნებიან, უცხოეთში მსუბუქ პაციენტებს ბინაზე მკურნალობენო, ჩვენც შეგვეძლო მათი სახლში დატოვება, მაგრამ ჩვენმა მიდგომამ გაამართლა
ზოგჯერ ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, უცხოეთში მსუბუქ პაციენტებს ბინაზე მკურნალობენო, ჩვენც შეგვეძლო მათი სახლში დატოვება, მაგრამ ჩვენმა მიდგომამ გაამართლა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
„ბინაზე დარჩენას რა უნდა?! ამას არაფერი უდგას წინ, მაგრამ, უბრალოდ, ჩვენმა ხელმძღვანელობამ და სამინისტრომ ეს მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ზოგჯერ, ვიღაც ნიშნის მოგებით გვეუბნება, იქ მსუბუქ პაციენტებს სახლში მკურნალობენ, თქვენ კი საავადმყოფოშიო, მაგრამ მერე რა, მათი სახლში დატოვება ჩვენ არ შეგვეძლო?! თუ გერმანიაში გამოჯანმრთელდა სახლში, აქაც გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ოპტიმალური გზა ავირჩიეთ, რომელმაც გაამართლა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა საქართველო დაავადების გავრცელების იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელია, მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე მოხდეს და რამდენად დაუგროვდა გამოცდილება სამედიცინო სისტემას, რომ მსუბუქმა პაციენტებმა ბინაზე იმკურნალონ.
მისი თქმით, საქართველოს მიერ არჩეულმა მიდგომამ გაამართლა, რადგან სახლში დატოვებული პაციენტი აუცილებლად წარმოადგენს ინფექციის გავრცელების მეტ საფრთხეს და ამასთან, დამძიმების შემთხვევაში, დროულად ხდება პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„პაციენტმა თვითიზოლაციის წესები რაც არ უნდა დაიცვას, სად არის ასპროცენტიანი გარანტია, რომ ის ამას შეძლებს?! საავადმყოფოში კი ამის ასპროცენტიანი გარანტიაა. ერთი ის, რომ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საავადმყოფოში მეტი იყო უსაფრთხოება და მეორე, ამ დაავადებას დამძიმება ახასიათებს. არაერთი პაციენტი შემოსულა მსუბუქი და შემდეგ დამძიმებულა. იქაც ასე ხდება, აშშ-ში, ინგლისში, იტალიაში და სხვაგან. განსხვავება ის არის, რომ ჩვენთან პაციენტი რომ დამძიმდება, მას თავზე ადგანან, პირველივე საათში აღმოუჩენენ დახმარებას, ხოლო უცხოეთში რომ დამძიმდება, მერე იმან უნდა იზრუნოს, მივიდეს რეანიმაციულ განყოფილებაში, ხანდახან რიგში ჩადგეს და ა.შ. ანუ, იქ დაგვიანებით უწევენ დახმარებას. აბა, თქვენ რა გგონიათ, რატომ არის გადარჩენაში და ლეტალურ შემთხვევებში ამხელა, უზარმაზარი განსხვავება?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, აშშ-ისა და ევროპის განვითარებული ქვეყნების მედიცინა საქართველოს მედიცინაზე ძლიერია, მაგრამ საქართველოს მიდგომა უფრო ეფექტიანი გამოდგა.
„მათ შორის, ერთ-ერთი მიდგომა ის იყო, რომ პაციენტებს სახლში კი არ ვტოვებდით, საავადმყოფოში ვმკურნალობდით. იმიტომ, რომ ცოტა გვყავდა ავადმყოფები. ამის საშუალება მოგვცა იმან, რომ 600 ავადმყოფი გვყავდა და არა 6 000. თან, ეს 600 პაციენტი ხომ ერთდროულად არ გვყავდა?! ნაწილი გამოჯანმრთელებული იყო და ერთდროულად ჩვენ 350-ზე მეტი ავადმყოფი არასდროს გვყოლია. ამას ჩვენი კოვიდკლინიკები აბსოლუტურად თავისუფლად უმკლავდებიან, არავითარი გადაძაბვა არ არის, არავითარი რიგები. ჩვენთან რიგში არც ერთი პაციენტი არ ჩამდგარა, არც ერთი საათით. მაშინ, როცა უცხოეთში ჩემი მეგობრები და არა მარტო ჩემი მეგობრები, არამედ ხელოვნების, მეცნიერებისა თუ პოლიტიკის სფეროს გამოჩენილი ადამიანები რიგში დგანან და კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ორი კვირა ელოდებიან, ელემენტარული ტესტის აღებას კი ზოგჯერ, რამდენიმე დღე. ჩვენ სახლში რომ არ ვტოვებთ, ეს იმიტომ კი არა, რომ იქ მართვის გვეშინია, ან რამე გვიშლის ხელს?! სახლში დავტოვებთ და მშვენივრად ვუმკურნალებთ, მაგრამ სახლში რომ არ ვტოვებთ, ეს უფრო ეფექტურია. ამით ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ პაციენტმა იქ ინფექცია გაავრცელოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.