თენგიზ ცერცვაძე - მუშავდება საკითხი, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდეთ
მუშავდება საკითხი, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდეთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში იმყოფებიან, სავარაუდოდ, სისხლის საერთო და თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული ანალიზები ჩაუტარდებათ.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრთან მსჯელობა გაიმართა.
„ამ ეტაპზე ბინაზე დარჩენილების რამე სპეციალური მკურნალობა არ ხდება. თუ მათ აქვთ ქრონიკული დაავადება, რომელსაც მანამდეც მკურნალობდნენ, აგრძელებენ ამ პროცესს, მაგრამ „კოვიდის“ სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება, თუ ვინმეს სჭირდება მისი სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ. ახლა შეიძლება განხორციელდეს ღონისძება, რაც არ ხდება არც ერთ სხვა ქვეყანაში. დღეს იყო პრემიერთან მსჯელობა, რომ გამოკვლევის რაღაც მინიმალური პაკეტი, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი ან ე.წ. დედიმერი, რომელიც არის ასევე სისხლის ანალიზი და არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება „კოვიდისთვის“ ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებშიც. იყო ერთი-ორი სიგნალი ამ მხრივ სახლში დატოვებული პაციენტებიდან, ეს სიგნალები რომ არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქმნას ისეთი პრეცენდენტი, როგორიც არის უცხოეთში, როდესაც უსიმპტომო პაციენტებშიც დიდი დანაკარგია, ამიტომ მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს სულ მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ მას გართულება არ განუვითარდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.