თენგიზ ცერცვაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გააკეთოთ ყველაფერი და შეწყვიტოთ პერმანენტული აქციები, რომელიც დებს ერთადერთ შედეგს, მკვეთრად ზრდის პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკებს
ეპიდვითარება საქართველოში რჩება ძალიან რთული და რაც მთავარია, ახლო მომავალში არ ჩანს მისი სასიკეთოდ გამოსწორების გზები, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახეზეა ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემთხვევების ზრდას საქართველოში.
„პირველი ეს არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი – 25% და ეს დაახლოებით მილიონი ადამიანია. ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში მოსახლეობის 2/3 სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი; მეორე გახლავთ ის, რომ ნიღბის გამოყენების პროცენტი ისევ ძალინ დაბალი რჩება – 40-45%, მაშინ, როცა ევროპის და ამერიკის სრულად ვაქცინირებული ქვეყნებშიც კი, ნიღბის ტარება აღწევს 90%-ს; მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა – ეს არის პერმანენტული, პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით ძალიან, რომ საქართველოში ტრადიციულად ძნელი იყო თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან, ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა. ეს არ გვეყოფოდა თითქოს და ამას დაემატა ახლა პოლიტიკურად მოტივირებული აქციები და თან პერმანენტული. გასაგებია, რომ იყო არჩევნები, პოლარიზაცია საზოგადოებაში და პოლიტიკური პროცესები მიდის, რომელსაც ვერ შევაჩერებთ თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. ფაქტობრივად, საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ ხდება ევროპის და მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანაში. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, სადაც სამივე ეს ფაქტორი იყოს ერთობლიობაში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტულად იყოს აქტიური შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხი და სამწუხაროდ, გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი. ასე გაგრძელება შეუძლებელია და რამე ვიღონოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გამოვფხიზლდეთ ყველა ერთად და თვალებში შევხედოთ მკაცრ რეალობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, გაკეთდეს ყველაფერი, რათა შეწყდეს პერმანენტული აქციები.
„მოვუწოდებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გააკეთოთ ყველაფერი, რომ როგორმე ეს პერმანენტული აქციები შეწყვიტოთ და მოძებნოთ სადავო პოლიტიკური საკითხების გადაჭრის რაიმე ალტერნატიული გზები, რადგან ეს გაუთავებელი აქციები, რომელიც რეალურად შედეგს ვერ დებს, დებს ერთადერთ შედეგს, რომ მკვეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკები და იზრდება გარდაცვალების შემთხვევების რისკები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.