თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, მაგრამ ზედმეტად არ გავთამამდეთ, სწორედ ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა კორონავირუსის შემთხვევების ზრდამდე
თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, მაგრამ ზედმეტად არ გავთამამდეთ, სწორედ ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა კორონავირუსის შემთხვევების ზრდამდე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის წარმომადგენელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა ფიქსირდება საქართველოშიც.

თუმცა, ცერცვაძე ამბობს, რომ ევროპის და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ვირუსის ყველაზე მცირე შემთხვევებია.

მიუხედავად ამისა, ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში წინა პლანზე გადმოდის გაზრდილი რაოდენობით ინფიცირებულების კლინიკური მართვის საკითხი, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის პროცესი.

„საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლეტალური შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია, თან ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებშია. სულ ხუთი გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლზე. ეს ასე განსაჯეთ ნაკლებია იმაზე, ვიდრე გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს 9-10 წელში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს, სხვანაირად ასეთი შედეგები ვერ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, იცით, რომ სრულყოფილი არაფერია, ამიტომ შედგა დღეს ეს შეხვედრა, პოზიტივზე ძალიან ცოტა იყო საუბარი დღევანდელ შევხედრაზე, საუბარი იყო უფრო გამოწვევებზე და იმაზე, თუ რით შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის, კლინიკური მართვის პროცესი, ის გახდეს უფრო ეფექტიანი, კომპაქტური და დაავადებული მოქალაქეები რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდნენ და მალე დაუბრუნდნენ ცხოვრებას.

პრემიერმა სერიოზული დავალებები მისცა ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენს კლინიკურ ჯგუფს, რომელიც უმოკლეს დროში შესრულდება. კოვიდის პირობებში ძალიან ძნელია, რაღაც გარანტიების გაცემა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენ შევეცდებით, შევინარჩუნოთ გაჯანმრთელების ძალიან მაღალი პროცენტი და სიკვდილობის მცირე რიცხვი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად, მაგრამ მშვიდად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოს ის რეგულაციები, რომელიც არის მთავრობის მიერ და არ დაიცვას საჭირო უსაფრთხოების ზომები, ზედმეტად გავთამამდეთ. ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა სწორედ ამ შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.