თენგიზ ცერცვაძე - მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი, ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ეპიდვითარებაზე
ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოშია ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნამ შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდვითარების გაუარესება, ხოლო იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, მოსახლეობამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები.
„ერთია აკრძალვა და მეორეა თვითშეგნება. თვითონ უნდა დაუწესონ თავის თავს გარკვეული აკრძალვა. მოდის ეს ერთი ახალი წელი. კი, ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული. ნუ იქნება პომპეზური, ნუ იქნება ფართე. აღვნიშნოთ მხოლოდ ოჯახურ წრეში. არ არის აუცილებელი გაზრდილი მობილობა, მისვლა-მოსვლა, თუნდაც საჩუქრების ყიდვა. შემოვიფარგლოთ, უფრო მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს ახალი წელი და ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ამ ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.