თენგიზ ცერცვაძე - მობილური ჯგუფების შექმნა დაგვიანებული არ არის, სულ 2-3 კვირაა, რაც შემთხვევების მატებაა, მანამდე კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვახორციელებდით ინსპექტირებას
თენგიზ ცერცვაძე - მობილური ჯგუფების შექმნა დაგვიანებული არ არის, სულ 2-3 კვირაა, რაც შემთხვევების მატებაა, მანამდე კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვახორციელებდით ინსპექტირებას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რატომ დადგა მობილური ჯგუფების შექმნის საჭიროება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდამდე არსებობდა 11 კოვიდკლინიკა, რომელმაც 8 თვის განმავლობაში სერიოზული გამოცდილება დააგროვა და დაავადების მართვა ამ კლინიკებში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდებოდა.

თუმცა, ცერცვაძის განმარტებით, კოვიდის მართვაში დამატებით 24 კლინიკა ჩაერთო და ისინი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული კლინიკების პერსონალს ჩატარებული აქვს ტრენინგი, ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას, თუმცა ახალი გამოწვევის პირობებში, სულ სხვაა პრაქტიკულ დონეზე მუშაობა.

ამიტომ, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მობილური ჯგუფები, რომლებიც სწორედ პირველი, ძირითადი კოვიდკლინიკებიდანაა დაკომპლექტებული, კოვიდის მართვაში მონაწილე ახალ კლინიკებს სერიოზულ დახმარებას გაუწევენ.

„ადრე, ვიდრე შემთხვევების ზრდა დაფიქსირდებოდა, თუ არ ვცდები, იყო 11 კოვიდკლინიკა, რომლებსაც 8 თვის განმავლობაში დაუგროვდათ ძალიან სერიოზული ცოდნა, გამოცდილება, ისინი პრაქტიკულად შეცდომებს არ უშვებდნენ. არათუ შეცდომებს, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იმართებოდა ჩვენთან, რაზეც მეტყველებდა სულ 19 გარდაცვალების შემთხვევა, სანამ არ დაიწყო მატება. თუმცა, ვიმეორებ, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით, სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ახლა, შემთხვევების ზრდის დაფიქსირებამ გამოიწვია დამატებითი კლინიკების ჩართვის საჭიროება. დღეს 35 კლინიკაა ჩართული, კიდევ დაემატება ალბათ 3-4. 35 კლინიკა ნიშნავს იმას, რომ მათგან 11-ია მხოლოდ გამოცდილი და 24 კლინიკისთვის ეს ახალი გამოწვევა, ახალი საქმეა. მათ ჩატარებული აქვთ ტრენინგი, თეორიულად ყველაფერი იციან, იცნობენ გაიდლაინს, მაგრამ სულ სხვაა მართვა, ძალიან მძიმე ავადმყოფები წამოვიდა ამ ბოლო დროს.

ეს ჯგუფები, რომლებიც სწორედ იმ პირველი, ძირითადი კოვიდკლინიკებიდან არის დაკომპლექტებული, ბუნებრივია, ახალ კლინიკებს გაუწევენ სერიოზულ საკონსულტაციო დახმარებას, აგრეთვე ჩაატარებენ აუდიტს. იცით, ყველგან რაღაც სუსტი რგოლია, რომელიღაც კლინიკაში შეიძლება ინფექციის კონტროლი იყოს სუსტი რგოლი და არსებობდეს ვთქვათ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ან პირიქით, ავადმყოფის დაინფიცირების რისკი სამედიცინო პერსონალისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ცერცვაძე განმარტავს, რომ მობილური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯი დაგვიანებული არ არის.

„აქამდე 11 კლინიკა მუშაობდა, რომელმაც ეს ყველაფერი იცოდა, ახალი კლინიკები ახლა დაემატა. ადვილი არ არის, 35 კლინიკა მობილური ჯგუფებით მოიცვა. ამას ძალიან სერიოზული რესურსი სჭირდება. ვერ გეტყვით, რომ დაგვიანდა, როგორ დაგვიანდა, სულ 2-3 კვირაა, რაც მატებაა და მანამდე ეს ჯგუფები არ ერქვა, თორემ კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვაკეთებდით ამ საქმეს. ბოლო 2-3 კვირაში ოთხჯერ ვიყავი ქალაქგარეთ გასული კლინიკებში სწორედ ამ ინსპექტირებისთვის, მაგრამ ეს ხდებოდა ერთეული კონსულტანტების დონეზე. ბატონი ლევან რატიანი ბევრგან იყო ჩასული, მე ვიყავი ჩასული, ჩვენი ექიმები მუდმივ სატელეფონო ან ელექტრონულ კავშირზე იყვნენ ვთქვათ ტელეხიდებით და სხვა, მაგრამ ახლა ჩავთვალეთ, რომ დადგა საჭიროება, ლაივში იმუშაონ, ანუ ცოცხალი ჯგუფი ჩავიდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს.

ჯგუფის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და ერთი სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. თუმცა, ცერცვაძის განმარტებით, ასევე, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმიც.