თენგიზ ცერცვაძე - მხარს არ ვუჭერ იმას, რომ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდეს, რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია
თენგიზ ცერცვაძე - მხარს არ ვუჭერ იმას, რომ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდეს, რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია

მხარს არ ვუჭერ იმას, რომ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდეს, რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„მე საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმეზე სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც, იგივე ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე, ან სხვა აუცილებელ ღონისძიებებზე და ამ ყველაფრის სპეციალური საშვებით, საბუთებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით კეთება ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მანქანების მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. იმ პირობით, რომ როგორ გითხრათ, ცოტა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს მაინც გააგრძელებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უჭერს თუ არა მხარს ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის მოხსნას, რადგან პიკის პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არის ასეთი მკვეთრი სხვაობა წინა და მიმდინარე კვირების მაჩვენებლებს შორის და შეიძლება თუ არა, ციფრების ასე ვარდნა რომელიმე კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკავშირდებოდეს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ციფრების ასე ვარდნა უკავშირდება არა რომელიმე კონკრეტულ ფაქტს, არამედ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც გატარდა.

„ერთი კვირის წინ, როდესაც მატების გამაფრთხილებელი ტენდენცია იყო, მთავრობამ ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა. მანქანების გადაადგილების შეზღუდვამ ამას უეჭველად შეუწყო ხელი. ზოგი კითხულობს, მანქანები რა შუაშია და ამან რა ეფექტი უნდა მოგვცესო. საქმე იმაშია, რომ უშუალოდ მანქანის მოძრაობა კი არ არის ამ მხრივ გადამწყვეტი, არამედ ის, რომ როცა კერძო მანქანები შეუზღუდავად მოძრაობენ, ამ მოძრაობას ახლავს ხალხის გადაადგილება, გარკვეულ ადგილებზე ადამიანების შეკრება, ერთმანეთთან შეხვედრები და ა.შ. ხომ ფაქტია, რომ ბოლო სამ-ოთხ დღეში შემთხვევების რაოდენობამ მოიკლო?! ყველაფერი დადებული შედეგით იზომება, შედეგი კი ასეთია. ახლა, ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა დამაიმედებელი ბოლო ხუთი დღის ციფრები და ნიშნავს თუ არა ასეთი ტენდენცია იმას, რომ პიკის პერიოდი შეიძლება, ასეთივე დაბალი, ერთნიშნა მაჩვენებლებით გადავიაროთ, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამას გარანტირებულად ვერ იტყვის, თუმცა, ბოლო ხუთი დღის დინამიკა იმედის მომცემია.

„გარანტირებულად ვერ ვიტყვი, რომ პიკის პერიოდი შეიძლება, ასეთივე ერთნიშნა მაჩვენებლებით გადავიაროთ, თუმცა ბოლო ხუთი დღის დინამიკა იმედს გვისახავს. ეს ის არის, რასაც გარკვეულწილად, ვიმედოვნებდით, რომ თუ მოსახლეობა იდეალურად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც შეასრულებდა რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, მაშინ შევძლებდით, გათამაშებულიყო ის სცენარი, რაც დღეს თამაშდება. ანუ, დღეში რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა და არა რამდენიმე ასეული და ათასეული. ამის გარანტია, რომ ამას შევინარჩუნებთ, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ეს დღეები იმედის მომცემია“, – განაცხადა ცერცვაძემ.