თენგიზ ცერცვაძე - მგონია, რომ სჯობს, ცოტახანს დავიცადოთ, თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, შეზღუდვებიც და კონტროლიც შერბილდეს, არ გამოვა
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, არ ვიცი, მაგრამ თუ შეზღუდვები მოისხნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი. ორივე არ გამოვა, შეზღუდვებიც და კონტროლიც შერბილდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღე უარესდება, რაც საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს.
„კატასტროფულად უარესდება სიტუაცია ევროპის ქვეყნებში, გარკვეულ როლს, ალბათ ახალი შტამიც თამაშობს, რომელიც უფრო იოლად ვრცელდება. შესაბამისად, ჩვენთან მოხდა სტაბილიზაცია და ახალი შემთხვევების კლება, მაგრამ მსოფლიოში ეს არ მომხდარა. ამის გათვალისწინებით, ვერ გეტყვით, რამდენად გამართლებულია 16-ში რეგულაციების შესუსტება ან მოხსნა. მე მკურნალი ექიმი ვარ და არ ვარ კომპეტენტური ამ შეზღუდვების საკითხში, თუმცა პირადად მგონია, რომ სჯობს, ცოტახანს დავიცადოთ, მაგალითად პირველამდე და ვნახოთ, როგორი იქნება დინამიკა. თუ შევინარჩუნებთ სტაბილურად იმ სიტუაციას, რომელიც ახლა გვაქვს, ან კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და უფრო ნაკლები იქნა შემთხვევების რაოდენობა, შემდეგ უნდა ვისაუბროთ შერბილებაზე, ეს ჩემი აზრია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, არ ვიცი, მაგრამ თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი. ორივე არ გამოვა, შეზღუდვებიც შერბილდეს და კონტროლიც შერბილდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.