თენგიზ ცერცვაძე - მეშინია, გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ქვეყნის მიერ „კოვიდის“ წარმატებით მართვა, ისეთი რამ არ მოიმოქმედონ, რაც გამოიწვევს დაავადების აფეთქებას, თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი მალე გაიხსნება
ადამიანებს, რომლებიც გამოდიოდნენ დაუმორჩილებლობის აქციაზე, არ აინტერესებთ ქვეყანაში პანდემიის დამთავრება, მათი ამოცანა იყო, არეულობის პროვოცირებით მიეღწიათ ეპიდსიტუაციის გაუარესესებისკენ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მე ყოველთვის ღიად ვაცხადებდი, მომხრე ვარ შეზღუდვების დაჩქარებული მოხსნის, მაგრამ აუცილებლად ეტაპობრივად და ეპიდსიტუაციის მიხედვით. საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ქვეყანამ დიდი ძალისხმევით მოახერხა ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. დღეს საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შეზღუდვების ქალაქი და ქვეყანა ევროპასა და ამერიკაში. მაგალითად, საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება. ინგლისში, გერმანიაში, სხვაგან მოქალაქეს უფლება არ აქვს, საშვის გარეშე გამოვიდეს ბინიდან. ამიტომ, რომის პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით და ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა. დღეს გვაქვს საშუალება, შევირგოთ ის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც გატარდა და პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა. შემდეგ იგეგმება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რჩება „კომენდანტის საათი“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვების მოსხნის მოთხოვნით გამართული დაუმორჩილებლობის აქცია პროვოკაციული ნაბიჯი იყო.
„რახან, ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს იოლი არ ყოფილა. ამ დროს, იმის მაგივრად, რომ ეს მონაპოვარი გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა, ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ კატეგორიას, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩა გასაპროტესტებელი. ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები. იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარებისა და გაბოროტების სურვილი გამოიწვია – რომ თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ მთავრობა კარგად მუშაობს და ისინი ფუნქციას კარგავენ. ეს აშკარად იკითებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იქ დოლებით და რაღაც ატრიბუტებით, მხატვრული გაფორმებით დაუმორჩილებლობის აქცია, როცა ამის არავითარი საჭიროება არ იყო“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში მინიმალური შეზღუდვებია დარჩენილი, ხოლო დაუმორჩილებლობის აქციის მიზანი ეპიდსიტუაციის გაუარესება იყო.
„მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, კომენდანტის საათი და ისიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში. მათი ამოცანა იყო ასეთი არეულობის პროვოცირებით მიეღწიათ ეპიდსიტუაციის გაუარესესებისკენ, ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებისკენ. ეს ისევ გააუარესებდა უბრალო ადამიანების მდგომარეობას და შემდეგ ეს დაებრალებინათ მთავრობისთვის და რიგითი მოქალაქეები აემხედრებინათ. იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდნენ დაუმორჩილებლობის აქციაზე, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არ აინტერესებთ ქვეყანაში პანდემიის დამთავრება. მათ პირიქით, აღიზიანებთ და ამწარებთ ის, რომ პანდემია მიდის დაძლევისკენ. მე არ ვიცი, რას ფიქრობდნენ იქ ის ადამიანები, მაჭარაშვილი, დიღმელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძეს ზოგიერთი მიიჩნევს ინტელექტუალად, პროგრესულ ადამიანად. როგორ არის პროგრესული ადამიანი, როცა ყველაფერ დადებითს აპროტესტებს. გაიხსენეთ, რაიმე დადებითი მოხდა და მან არ გააპროტესტა? თუნდაც ტაქსების რეფორმა როცა მოხდა, ხომ ყველას მოსწონს ეს თეთრი ფერის ტაქსები, ხომ დაემსგავსა თბილისი ევროპულ ქალაქს, ვინ აპროტესტებდა? ვინ შემოიღო „შმაქსი“? არ იცოდა მან, რომ ეს რეფორმა კარგია? მაგრამ სწორედ ამიტომ აპროტესტებდა. მან არ იცოდა გუშინწინ, რომ საქართველომ მიაღწია უნიკალურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხსნა ყველა შეზღუდვები და დარჩა ერთადერთი შეზღუდვა და მაინცდამაინც იმას აპროტესტებდა, რომ იქნებ, მდგომარეობა დამძიმდეს ისევ მოეთხოვოს პასუხი ხელისუფლებას. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემია არ არის ერთი რომელიმე ქვეყნის გამოწვევა, ეს მსოფლიო გამოწვევაა.
„როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრულ და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა. ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ ძალიან მეშინია იმისი, რაც გუშინწინ მოხდა. მე ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს „კოვიდს“ და მინიმუმამდე დავიდა „კოვიდის“ შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ ისეთი, რომელიც გამოიწვევს აფეთქებას დაავადებისას. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.