თენგიზ ცერცვაძე - მეოთხე ტალღისთვის ბევრ ქვეყანას მოსახლეობის ორი მესამედი აცრილი ეყოლება და მათ შორის იქნება საქართველოც
თენგიზ ცერცვაძე - მეოთხე ტალღისთვის ბევრ ქვეყანას მოსახლეობის ორი მესამედი აცრილი ეყოლება და მათ შორის იქნება საქართველოც

მგონია, რომ მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მეორე და მესამე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მესამე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა.

„მესამე ტალღის პიკმა გადაიარა. მესამე ტალღის პიკი უფრო ადრე იყო ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, იქ უფრო ადრე გადაიარა. ჩვენთან პიკს ჩამოვცდით, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სიკვდილიანობამაც ნაწილობრივ მოიკლო, მაგრამ 15-25 შემთხვევა ფიქსირდება. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ხალხის თხოვნას და იმას, რომ ხალხი დაიღალა, ეკონომიკას სჭირდება რეცესიიდამ გამოსვლა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ სხვებზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემსუბუქება. ჩვენ გვქონდა უფრო რბილი შეზღუდვები, ვიდრე სხვა ქვეყნებს.

მე მგონია, რომ მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მეორე და მესამე, უბრალო მიზეზის გამო -თვალსაჩინოა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განახორციელა მოსახლეობის ორი მესამედის ვაქცინაცია, ან თუნდაც 50 პროცენტის ვაქცინაცია, მიაღწიეს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და სიკვდილიანობის რაოდენობაც. როცა პროგნოზირებენ, რომ მეოთხე ტალღა იქნება აგვისტოსა და სექტემბერში, სავსებით სწორია, მაგრამ იმ დროისთვის ვაქცინირებულთა რაოდენობა შეუდარებლად მეტი იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, სექტემბერში ძალიან ბევრ ქვეყანას მოსახლეობის ორი მესამედი აცრილი ეყოლება და მათ შორის იქნება საქართველოც.

„სექტემბერში ძალიან ბევრი ქვეყანა იქნება ისეთი, რომელსაც მოსახლეობის ორი მესამედი ეყოლება ვაქცინირებული და დამიჯერეთ, შეიძლება ეს ახლა ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ საქართველოც იქნება ამ ქვეყნებს შორის. ივნისში გაგრძელდება ვაქცინაცია იმ ტემპით, როგორიც ახლა არის, თუმცა ჩვენ გვჭირდება, დღეში 8 000 ადამიანი აიცრას პირველი დოზით. 5 ივლისიდან კი დაიწყება ვაქცინირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რადგან ქვეყანაში იგეგმება ვაქცინების უწყვეტი რაოდენობით შემოტანა. მოსახლეობას ექნება საშუალება, აირჩიოს სასურველი ვაქცინა და შეუფერხებლად გაიკეთოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.