თენგიზ ცერცვაძე - მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს.
მისივე თქმით, ე.წ. ინდური შტამის გავრცელებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას.
„მეოთხე ტალღას ამბობენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში. საქართველო ახლა ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა, მაშინ როცა ბევრ ქვეყანაში ისევ დარჩა ბევრი შეზღუდვა, თუმცა ნელ-ნელა ამსუბუქებენ. საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა საქართველომ დაიწყო შემსუბუქება. კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების მიღებაც ახლაც საათივით არის აწყობილი, არც ერთი დაგვიანება და შეფერხება, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, ჩვენთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. ე.წ. ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.