თენგიზ ცერცვაძე - მე პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, არანაირი შეხება არ მქონია ფინანსების განაწილებასთან
მე პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, არანაირი შეხება არ მქონია არანაირი ფინანსების განაწილებასთან და ჩემთვის ამიტომ იყო ძალიან მოულოდნელი ჩემი ამ საქმეში გარევა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
„მე ვიყავი კლინიკური მართვის ჯგუფი და პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, გაიდლაინებზე, პროტოკოლებზე, ახალ მეთოდებზე, ავადმყოფების გადარჩენაზე და არანაირი შეხება არ მქონია არანაირი ფინანსების განაწილებასთან, მათ შორის, იგივე დანამატების, თუ სხვა რესურსების განაწილებასთან, არც რამე შესყიდვებთან და არაფერთან. ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ჩემი, ასე ვთქვათ, გარევა ამ საქმეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ფინანსური ხასიათის დარღვევები თბილისის ინფექციურ კლინიკაში, რომლის გენერალური დირექტორიც თავად არის, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციურ კლინიკაში ამის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა.
„მე და კლინიკის სხვა ხელმძღვანელები, კლინიკური დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი და ზოგადად ხელმძღვანელები კუთვნილ დანამატსაც კი არ ვიღებდით, რათა იმ ადამიანებს არ დაჰკლებოდათ, ვინც ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა – სანიტრები, ექთნები და ექიმები, რომლებიც ავადმყოფებთან ათენებდნენ და აღამებდნენ. მათ ერთი თეთრი არ დაჰკლებიათ, იმათგან რაც იყო გამოყოფილი და საერთოდ, ამ მიმართულებით ჩვენთან მსგავსი არაფერი ყოფილა. ამას ყველა დაადასტურებს, 400-კაციანი კოლექტივი გვყავს და ასე რომ არ იყოს, ვიღაც ხვალ გამოვა და იტყვის, ასე არ იყოო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დარღვევები სადმე იყო, რადგან არ შეიძლება, 200-მდე კლინიკაში ეს გამორიცხოს.
„თუ ეს სადმე იყო, მე ამას არ გამოვრიცხავ. როგორ შეიძლება, გამორიცხო, 200-მდე კლინიკაში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ეს თანხა როგორ ნაწილდებოდა და ვის აძლევდნენ?! სხვაგან, სხვა დარგებში, რა, ყველაფერი ასე უმწიკვლოდ და აბსოლუტურად იდეალურად არის, ან, თუნდაც სხვა ქვეყნებში?! ამიტომ, სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ასეთი შემთხვევები იყო და მათ შორის, არამიზნობრივი ხარჯვაც, მაგრამ ჩემი პრეტენზია, რაც იყო, ისევ რჩება, რომ ასეთ შემთხვევებში კლინიკები უნდა დასახელდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ სახელდება კლინიკები, სადაც დარღვევები იქნა აღმოჩენილი, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ არ იცის, მაგრამ მისი აზრით, ჯერ კვლევა და გამოძიება ბოლომდე არ არის მისული და მინისტრმა ეს განცხადება წინასწარი მოკვლევის შედეგად მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებით გააკეთა.