თენგიზ ცერცვაძე - მცხეთის სამედიცინო ცენტრი არის ერთ-ერთი საუკეთესო, ის არ ჩამოუვარდება წამყვან კლინიკებს
გარწმუნებთ, რომ მცხეთის სამედიცინო ცენტრი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი კლინიკა, რომელიც არ ჩამოუვარდება თბილისის წამყვან კლინიკებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე დღეს მცხეთის მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, მცხეთის სამედიცინო ცენტრი სულ ცოტა ხნის წინ დაემატა იმ კლინიკებს, რომლებიც არიან ცხელების ცენტრიც და პარალელურად კოვიდცენტრიც რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საეჭვო ავადმყოფი შემოდის ამ კლინიკაში.
„პაციენტებს უტარდებათ სტანდარტულად, როგორც მიღებულია პროტოკოლით, 12 საათის განმავლობაში გამოკვლევა კორონავირუსიზე და თუ დადასტურდა, მაშინ ის რჩება აქ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიგზავნება დანიშნულებისამებრ. ჩვენ, კლინიკური ჯგუფი, რომელსაც გვავალია ქვეყანაში ინფექციის კოორდინირება, არ ვკმაყოფილდებით ონლაინ კონსულტაციებით, რომლებიც ყოველდღე გვაქვს, ვცდილობთ, ჩავიდეთ ყველა კლინიკაში და ვნახოთ ადგილზე. ეს პირველი ვიზიტი არ არის, ჩვენ უკვე ვიყავით ყველაზე ცხელ წერტილებში ბათუმში და გორში, ახლა აქ ვართ, იქით კვირაში წავალთ ქუთაისში, შემდეგ რუხში და ა. შ. თბილისში კი მუდმივად გვაქვს კლინიკებთან კონტაქტი. გავეცანით აქაურობას და დავრჩით ძალიან კმაყოფილი. ძალიან კარგი შენობაა, ძალიან კარგად არის ინფრასტრუქტურა შიგნით მოწყობილი. ძალიან კარგი აღჭურვილობაა, ძალიან მოტივირებული, ახალგაზრდა და კარგი კოლექტივია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში სულ ჰყავდათ 17 პაციენტი, სამი გაწერეს და ახლა ჰყავთ 14.
„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ კლინიკაში სხვა ყველა იმ კლინიკასთან შედარებით, სადაც მე ვყოფილვარ, არის შედარებით მსუბუქი, რამოდენიმე ავადმყოფი, დაახლოებით ნახევარი, ჰყავთ საშუალო სიმძიმის და ნახევარი ჰყავთ მსუბუქი. კრიტიკული ავადმყოფები, საბედნიეროდ, ჯერ აქ არ ჰყავთ, მაგრამ აქვთ ძალიან კარგად მოწყობილი რეანიმაციული განყოფილება 18 საწოლზე. სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ეს ცენტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, როგორც კოვიდცენტრი. გარწმუნებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი კლინიკა, რომელიც არ ჩამოუვარდება იმ წამყვან კლინიკებს, რომლებიც არის თბილისში, როგორიც არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ბათუმის „მედალფა“. მიმაჩნია, რომ ძალიან სწორად შეარჩია ჯანდაცვის სამინისტრომ ეს კლინიკა. მკურნალობა მიმდინარეობს დამტკიცებული სტანდარტით, ყველგან ერთი სტანდარტით მიდის საქართველოში მკურნალობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.