თენგიზ ცერცვაძე - მასობრივი ტესტირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რაც მეოთხეული გადაცემის პირობებში არის ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება
მასობრივი ტესტირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რაც მეოთხეული გადაცემის პირობებში არის ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.
„აქამდე, ტესტირებას მხოლოდ ლუგარის ცენტრი ახდენდა. შემდეგ მას კიდევ ერთი-ორი დაწესებულება დაემატა. მაგალითად, ჩვენი ცენტრი და კიდევ ერთი-ორი დაწესებულება. ამ სპეციალიზებულ დაწესებულებათა შესაძლებლობები შეზღუდული იყო და იკვლევდნენ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა, ვინც ბოლო თოთხმეტი დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყნებში იმოგზაურა ან იქიდან ჩამოსულ პირებთან და ავადმყოფებთან ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პირი იქნება გამოსაკვლევი, რომ ეს სამი და თუნდაც, ხუთი თუ ათი დაწესებულება ამას ვერ აუვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაიწყება თუ არა საქართველოში უსიმპტომო მოქალაქეთა მასობრივი ტესტირება და რაში დაეხმარება ეს ჯანდაცვის სექტორს.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მასობრივი ტესტირება იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ, მათ შორის, კერძო ლაბორატორიებს მიეცემათ საშუალება, ტესტირება მოახდინონ სწრაფი, მარტივი მეთოდით.
„დღეს გამოყენებული ყველაზე მაღალტექნოლოგიური და ზუსტი, ე.წ. PCR მეთოდი მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის არის ხელმისაწვდომი. სწრაფი და გაფართოებული ტესტირების დროს გამოყენებული იქნება უფრო მარტივი, ე.წ. სწრაფი მარტივი ტესტები. ეს საშუალებას მოგვცემს, ტესტი ჩაუტარდეს ყველა პიროვნებას, ვისაც ამ დაავადების რაღაც სიმპტომი აქვს. ეს საშუალებას მოგვცემს, მათ სხვა თანმდევი, მაგალითად, რისკის ქვეყნებში მოგზაურობის და სხვა ასეთი ეპიდემიოლოგიური ნიშნების გარეშეც ჩაიტარონ მკურნალობა. ეს სწორედ მეოთხეული გადაცემის დროს არის აუცილებელი, რადგან მეოთხეული გადაცემის დროს შეიძლება, ავად გახდეს პიროვნება, რომელმაც შესაძლოა, არ იცოდეს, რომ ვინმესთან იყო კონტაქტში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ასეთ პიროვნებებს რომ ტესტირების შესაძლებლობა შეუზღუდავად ექნებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე შეუზღუდავად იქნება გამოვლენილი ყველა პაციენტი და არა მარტო ისინი, ვინც რისკის ჯგუფს განეკუთვნება.
„ყველა მათგანი მოთავსდება სტაციონარში ან მათი ნაწილი ბინაზე გაივლის მკურნალობას. ეს ეპიდემიის გავრცელების მასშტაბების შეზღუდავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.