თენგიზ ცერცვაძე - ლუგარის ლაბორატორია ინფექციური საავადმყოფოსთვის გარკვეული რაოდენობის ტესტის გადმოცემას გეგმავს
თენგიზ ცერცვაძე - ლუგარის ლაბორატორია ინფექციური საავადმყოფოსთვის გარკვეული რაოდენობის ტესტის გადმოცემას გეგმავს

ლუგარის ლაბორატორიაში საკმარისზე მეტია ტესტების რაოდენობა. ისინი გეგმავენ, რომ ჩვენ გადმოგვცენ ტესტების გარკვეული რაოდენობა –  გამოკვლევის დივერსიფიცირებისთვის, რათა მხოლოდ ლუგარში აღარ ხდებოდეს გამოკვლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს, ცერცვაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, ქვეყანაში რამდენიმე კლინიკაა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში მოათავსებენ პაციენტებს.

„ისინი საავადმყოფოში გადავლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ სიმპტომები, თუ არადა, წავლენ კარანტინში. თუ 100 იქნება ავად, ყველა ვერ მოთავსდება ჩვენს საავადმყოფოში, მაგრამ, თბილისის ინფექციურის გარდა, ქვეყანაში კიდევ რამდენიმე კლინიკაა მზად. ეს არის ბოჭორიშვილის კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, საჩხერის ჰოსპიტალი და კიდევ რამდენიმე კლინიკა. ვინაიდან ჩვენ მიჩვეული ვართ სხვადასხვა ეპიდემიის დროს მუშაობას, უპირველესად ჩვენთან თავსდება, თორემ თუ ჩვენი შეივსება, ანუ 50 პაციენტს თუ გადააჭარბებს, წაიყვანენ სხვაგან“, – განაცხადა ცერცვაძემ.