თენგიზ ცერცვაძე - კვლევის მიხედვით, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ცხრა პროცენტზე ოდნავ მეტს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია
ჩვენ ჩავატარეთ რანდომული კვლევა დედაქალაქში და თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9,1 პროცენტს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კვლევა ჩატარდა ახლახან, მოხდა ათასი ადამიანის გამოკვლევა და 9 პროცენტზე ოდნავ მეტს იმუნიტეტი აღმოაჩნდა.
„ჩვენ მხოლოდ თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9,1 პრევალენტობაა ქალაქ თბილისში. თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ეს კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში 14 პროცენტი, სადღაც ხუთი იყო, სადღაც რვა. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.