თენგიზ ცერცვაძე - კრიზისის წარმატებით მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ჭერი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ინფექციურმა საავადმყოფომ ყველაზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს უმკურნალა და კარგი მაჩვენებელიც აქვს.
თუმცა, ცერცვაძის თქმით, კლინიკის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა.
ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, ცენტრი პრემიერის დავალებით ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის პროცესს.
ცერცვაძის განმარტებით, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია, შენობა და იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში.
„ის, რომ საქართველო ძალიან წარმატებით გაუმკლავდა კოვიდ პანდემიას, რაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არის მთელი სახელმწიფო ვერტიკალის დამსახურება, რომელმაც ძალიან დროულად, მაშინ, როცა სხვა ქვეყნების მთავრობებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს არ ან ვერ შეძლეს, ადრეული ინტერვენციების, ადეკვატური და დროული საპასუხო ღონისძიებების ხარჯზე, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოში დღეს არის დაავადების ყველაზე მცირე შემთხვევა ევროპის 49 ქვეყანას შორის და ყველაზე მცირე გარდაცვლილი, რაც გაკვირვებას იწვევს მთელს მსოფლიოში.
ამ პროცესში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ჩვენმა ცენტრმაც, რომელიც იყო პირველი მიმღები და შემდეგ მთავარი მიმღები კოვიდინფიცირებული ავადმყოფების. გატარებული ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობა კოვიდინფიცირებული პაციენტებისა – 266, ჰყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი. ესეც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს ცენტრი, ჩვენ, პრემიერის დავალებით ვხელმძღვანელობდით, კოორდინაციას ვუწევდით მთელ პროცესს „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვისას.
აი, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია და შენობები. იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, ენით აუღწერელ მძიმე პირობებში. მედიის დამსახურება ძალიან სერიოზულია იმაში, რომ მთავრობის ყურამდე მიგქონდათ ის გაჭირვება და უმძიმესი სიტუაცია, რომელშიც ცენტრი მუშაობდა, ამაზე საუბრობდა უამრავი პაციენტი, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ სავალალო მდგომაროებას და ავრცელებდნენ მას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, შვიდი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიყო ტერიტორია, განხორციელდა პროექტი, გამოყოფილი იყო თანხებიც, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა.
„ვცდილობდით ჩვენ, იყო არაერთი მცდელობა შვიდი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გამოიყო ტერიტორია სხვადასხვა ადგილზე, რამდენჯერმე გაკეთდა პროექტი, რამდენჯერმე გამოყოფილი იყო თანხებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელება ვერ ხერხდებოდა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, დღევანდელმა მთავრობამ, რომელიც ეფექტიანად მართავს კრიზისს, მიიღო გადაწყვეტილება, ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი შენობა, რაც მნიშვნელოვანია.
„ყველას მიერ, დამოუკიდებლად პოლიტიკური მრწამსისა, ეთნიკური კუთვნილებისა, თუ რაღაც სხვა ინტერესებისა, აღიარებულია, რომ დღევანდელი მთავრობა ბატონ გახარიას მეთაურობით, ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას, ამ წარმატებული მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გახდება ან უკვე გახდა სწორედ გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი.
გარდა იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი პირობები, რომელიც ხელს გვიშლიდა, დაგვედო უკეთესი შედეგები, სახელმწიფოს უხდებოდა, ყოველწლიურად კომპანია „ავერსისთის“ გადაეხადა საიჯარო ხელშეკრულების ღირებულება, ძალიან სოლიდური თანხა, წლიურად დახლოებით, ნახევარ მილიონ ლარამდე, რაც ძალიან დიდ ტვირთად აწვა სახელმწიფოს.
საერთაშორისო მსოფლიო პრაქტიკით და რეკომენდაციებით, მსოფლიოში ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს და აქვს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ერთი სამედიცინო დაწესებულება მაინც, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს განსაკუთრებით საშიში, მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფებს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.