თენგიზ ცერცვაძე - ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება, მოსახლეობის 90 პროცენტი გამოუკვლეველი რჩება
ნუ გვექნება ილუზია, რომ კორონავირუსზე აგრესიული ტესტირებით მთელ ჩვენ მოსახლეობას გამოვიკვლევთ ან მოსახლეობის ნახევარს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკეთესია. იმ ქვეყნებშიც, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავეები არიან გერმანია ევროპაში, სამხრეთ კორეა აზიაში და კიდევ ზოგიერთი ქვეყანა, ეს ჩატარდა მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილში. იმ ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება, მოსახლეობის 8-10%-ია სულ გამოკვლეული, 90 პროცენტი მაინც გამოუკვლეველი რჩება. შესაძლებლობა რომ შეიძლება მოსახლეობაში იყოს გამოუვლენელი შემთხვევები, მაინც დარჩება.
ჩვენ ხუთი წელია, ვაწარმოებთ ცე ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას. ექიმები კარდაკარ დადიან ქალაქსა და სოფელში. მოსახლეობას ემუდარებიან, რომ ჩაუტარონ ტესტირება, თუმცა სულ არ აქვთ არანაირი ჩივილი ცე ჰეპატიტზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიოთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ხუთი წელია, მიმდინარეობს ეს აგრესიული ტესტირება ჰეპატიტზე, მოსახლეობის ნახევარზე მეტია მხოლოდ გამოკვლეული და არა მთელი მოსახლეობა. ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით ჩვენ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ ან მოსახლეობის ნახევარს. გერმანამ ვერ გამოიკვლია ათ პროცენტზე მეტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.