თენგიზ ცერცვაძე - „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ ვაქცინაცია და გამოვიყენოთ პირბადე
წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის. დღევანდელი კარგი COVID-ეპიდსიტუაციის შენარჩუნება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია ბუსტერდოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, გამოვიყენოთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის წერილშია ნათქვამი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
წერილში თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუციაზე და COVID-ის შემდგომი ტალღის თავიდან აცილების გზებზე საუბრობს.
როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და ახალი COVID-შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ყოველ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-გარდაცვალების შემთხვევები (22) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში (98), კანადაში (108), დიდ ბრიტანეთში (205), პრაქტიკულად მთელ ევროპაში, ერთეული გამონაკლისების გარდა და იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID-შემთხვევებისა და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით – სამხრეთ კორეა (135), ტაივანი (262), ავსტრალია (140), ახალი ზელანდია (230), ჰონკონგი (136), იაპონია (24), ისრაელი (46) და ა.შ.
„გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID-დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,01%). ყველაფერი ეს, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია საქართველოში COVID-პანდემიის კარგი მართვით, მათ შორის კარგი კლინიკური მართვით. საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“. ექიმების არსენალშია და ყველა COVID-ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: „რემდესივირი“, „მონოკლონური“ ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), „ტოცილიზუმაბი“, „ბარიციტინიბი“ და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ როგორც ბინაზე დარჩენილი, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID-პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები.
განსაკუთრებით კარგი შედეგები გვაქვს იმ ავადმყოფებში, მათ შორის ასაკოვან და/ან მძიმე თანხმლები დაავადებების მქონე ავადმყოფებში, ვისაც პირველივე დღეებში დავუწყეთ მკურნალობა „რემდესივირით“ ან „პაქსლოვიდით“. ბოლო თვეებში პრაქტიკულად არ გვქონია ასეთი ავადმყოფების დამძიმების ან გარდაცვალების შემთხვევები“, – აცხადებს ცერცვაძე.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება ახალი COVID-შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა.
„თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და COVID-შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის.
ამიტომ, თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი COVID-ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID-ვაქცინაცია ბუსტერდოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში. მაშინაც კი, თუ COVID-შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიკვდილობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე. ამისთვის კი აუცილებელია შემდეგი: „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან. ამიტომ, აუცილებელია პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID-ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი შესაბამის კლინიკებს მიმართავს და მოუწოდებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „რემდესივირი“ ან „პაქსლოვიდი“.
ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა, კატეგორიულად ვურჩიო ყველა COVID კლინიკას და „ონლაინ“ კლინიკას, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი და/ან პაქსლოვიდი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-ავადმყოფის სიცოცხლეს“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.