თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია​მ (FDA) მძიმედ მიმდინარე „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია​მ, ​მიმდინარე წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტს, ჰიდროქსიქლოროქინს („პლაქვენილს“) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება „კოვიდ-19“-ით პაციენტების სამკურნალოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია „გილეად საიენსის“ (Gilead Science) მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

„მიმდინარე წლის 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა, ანტონი ფაუჩიმ (Anthony Fauci) განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ და წინასწარი მონაცემებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ, რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება. პროფესორმა ანტონი ფაუჩიმ ​ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

შესაბამისად, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რემდესივირს „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა, ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად, მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ინფორმაცია შემდეგ წყაროებს ეფუძნება:

https://www.medscape.com/viewarticle/929685

https://www.cbsnews.com/news/fauci-remdesivir-coronavirus-treatment/