თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციისა და კლინიკური მართვის მიდგომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პროაქტიური მკურნალობისა და უახლესი მედიკამენტების გამოყენების შედეგად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
თენგიზ ცერცვაძე არსებულ ეპიდსიტუაციაზე, კოვიდპაციენტების მართვის პრაქტიკასა და ახალი მედიკამენტების გამოყენებაზე საუბრობს და ასევე აცხადებს, რომ შემთხვევების კლების მიუხედავად, თვითდამშვიდება არ შეიძლება და ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
„ბოლო პერიოდში ქვეყანაში აღინიშნება „კოვიდ“ ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკა და სტაბილიზაცია, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის, ისე გარდაცვალების შემთხვევების მხრივ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, ერთ მილიონ მოსახლეზე „კოვიდით“ გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში. ხოლო ყველა კოვიდავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR -ის (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 119 ქვეყანაზე უკეთესი (უფრო დაბალი) აქვს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კოვიდპაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პაციენტების პროაქტიური მკურნალობისა და უახლესი მედიკამენტების, პირველ რიგში, „რემდესივირის“, ასევე „ბარიციტინიბის“ და „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენების შედეგად. უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა. ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია კოვიდპაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი. 100-ზე მეტი კოვიდკლინიკისა და 200-მდე ონლაინკლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი/მომზადება, რაც ამ პაკეტის ეფექტიანი გამოყენების აუცილებელი პირობაა.
სადღეისოდ შემუშავებულია და დანერგილია კოვიდავადმყოფების მკურნალობის შემდეგი ალგორითმი:
დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ოჯახის (ონლაინკლინიკის) ექიმს საშუალება აქვს, მყისიერად გააკეთოს სამი არჩევანი:
უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, რომელთა ასაკი 65 წელზე ნაკლებია და არ აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.), დატოვონ ბინაზე დაკვირვების ქვეშ და საჭირო შემთხვევაში დაუნიშნონ მხოლოდ სიმპტომური თერაპია.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ აქვთ ასაკი 65 წელზე მეტი და/ან აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დაუნიშნონ „პაქსლოვიდის“ ტაბლეტებით მკურნალობა ბინაზე (აუცილებელი პირობაა, რომ „პაქსლოვიდით“ მკურნალობა დაწყებულ იქნას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა). ამასთან, მედიკამენტის ბინაზე მიწოდება ხდება ექიმის მიერ.
პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია (ჰოსპიტალიზაციის ჩვენება დეტალურად არის გაწერილი „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ეროვნულ გაიდლაინში), რაც შეიძლება დროულად (არაუგვიანეს სიმპტომების გამოვლენიდან 8-10 დღისა) უნდა იქნან ჰოსპიტალიზებული და ჩაუტარდებათ მკურნალობა „რემდესივირით“ და ყველა სხვა საჭირო მედიკამენტებით.
პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ კოვიდავადმყოფების ადრეულ სტადიაზე სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავადმყოფის დამძიმება, რეანიმაციაში მოხვედრა, მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა და ლეტალური გამოსავალი. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობამ აქტიურად ითანამშრომლოს ჯანდაცვის სისტემასთან და ყველა ეტაპზე ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები.
კოვიდეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემია არსად წასულა და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ჰონგ კონგი და სხვ.) ჯერ კიდევ აღინიშნება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები.
და კიდევ – უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის საბოლოო დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია და შესაბამისად, ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.