თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს საღამოს შეყვანილი ორი ადამიანი ირანში არიან ნამყოფები, მაგრამ როგორც ცერცვაძე ამბობს, მათ სავარაუდოდ კორონავირუსი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ირანი 11 და 12 თებერვალს დატოვეს.

ამასთან, ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 17 გამოკვლეულია კორონავირუსზე, რომელთაგან ერთს დაუდგინდა კორონავირუსი.

ცერცვაძის თქმით, 13 ადამიანს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და არ აქვთ გრიპის სიმპტომები, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

„19 ადამიანი წევს ამჟამად, მათგან 17 გამოკვლეულია ახალი კორონავირუსის ინფექციაზე. ერთს დაუდასტურდა. ბუნებრივია, ვისაც დაუდასტურდა, ის დარჩება ჩვენთან. ამ 16-დან სამი, ვინც საჭიროებს მკურნალობას, არა კორონავირუსის გამო, მაგრამ მაინც საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, ისინი დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, რომელსაც არც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია და მათი მდგომარეობა ამჟამად კარგია, მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და ინფექციის რაიმე სიმპტომები, ისინი გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში და კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინში. ანუ 19-დან 13 პიროვნება გადაყვანილი იქნება კარანტინში, ექვსი დარჩება ჩვენთან. ამ ექვსიდან ერთს დადასტურებული აქვს ინფექცია, სამს არ აქვს კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს, რომ დარჩეს დ  განაგრძოს მკურნალობა, მათ გრიპი აქვთ. ხოლო ორი ახალი მოსულია და ჯერ გამოკვლეული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანთან მყოფებს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩაუტარდებათ გამოკითხვა და რაიმე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსებენ.

„ვისაც დაუდასტურდა, მასთან ერთად მყოფ ადამიანებს აუცილებლად ჩაუტარდებათ გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება და თუ რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდათ, მათაც ჩვენთან მოიყვანენ. თუ არ აღმოაჩნდათ, მათ გაამწესებენ კარანტინში, ოღონდ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან არ ვიცი მასთან შეხებაში მყოფი ადამიანები რამდენი იყვნენ, სად იყვნენ და როგორ იყვნენ. ამას სხვა სამსახურები არეგულირებენ“,- აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, ინფიცირებული ადამიანის მკურნალობისთვის ქვეყანა და ინფექციური საავადმყოფო მზად არის.

„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თუ დადგინდებოდა და დადგინდა ერთი, მისი მკურნალობისთვის ქვეყანა და ჩვენი საავადმყოფო არის მზად. თუ რა სახის მკურნალობა ჩაუტარდება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სიმძიმის იქნება ეს ინფექცია და რა გართულებები ექნება. ამ წუთში მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს. ის ამ ეტაპზე რაიმე ინტენსიური თერაპიის ჩატარებას არ საჭიროებს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ჩაუტარდება ყველა მკურნალობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ერთი შემთხვევა რომ არ დაფიქსირებულიყო, ასეთი ქვეყანა, მგონი აღარ დარჩა მსოფლიოში და ეს გასაკვირი არ არის. საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კიდევ უფრო გვიან დაფიქსირდა. როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი, ამის შესახებ კეთდება გამუდმებით განცხადებები ტელევიზიით. ეს არის უპირველეს ყოვლისა, თავის შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან, უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები, ხშირად დაიბანონ ხელი და თუ აღმოაჩნდებათ რაიმე სიმპტომები, მაშინვე მიმართონ ექიმს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც 25 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.