თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ეფექტურად, რაც ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებებმა.
„მხედველობაში მაქვს ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ყველაფერში და ასევე საქართველოს მთავრობით, პირადად გიორგი გახარიათი, რომელმაც გარკვეული დროის წინ, ორი კვირის წინ, თავის ხელში აიღო პირდაპირი მმართველობა ამ პრეკრიზისული სიტუაციის. მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფო.
„ახლა რამ განაპირობა სიკვდილობის მცირე რიცხვი. სამი პაციენტია გარდაცვლილი. ერთი პაციენტის გარდაცვალების განხილვა ხდება მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებში ეს არის ათასობით და ათეულ ათასობით. ეს განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკური სექტორის მაღალმა პროფესიონალიზმმა და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად თავგანწირვამ. თქვენ ხედავთ ჩვენი საავადმყოფოს მაგალითზე, ასეა მთელ საქართველოში, მადლობა გორს, შესანიშნავად მუშაობს, ბათუმი ქუთაისი, ზუგდიდი, საჩხერე და სხვები. ჩვენ თავის დროზე ყველაზე ადრე გამოვიყენეთ ყველაზე მოწინავე მეთოდები, რომლებიც შემდგომში აღიარებულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტის და ამერიკის წამლის ადმინისტრაციის მიერ, ჩვენ ამას ვხმარობდით ერთი კვირით ადრე. ასევე, გვქონდა ინოვაციური მიდგომები სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მიმართ. მაქსიმუმი კეთდება თითოეული ავადმყოფისთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.